Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგიევ პოსადში აფეთქების შემდეგ ვერ მოხერხდა რვა დაკარგულის პოვნა


აფეთქება სერგიევ პოსადში, 9 აგვისტო.
აფეთქება სერგიევ პოსადში, 9 აგვისტო.

სერგიევ პოსადში სამხედრო ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების ადგილზე დასრულდა სამძებრო სამუშაოები, განაცხადა ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. რვა ადამიანი კვლავაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დმიტრი აკულოვმა სამართალდამცავ უწყებებს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახლობლების ინფორმირება და მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავება დაავალა. მისი სიტყვებით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, იუწყება „ინტერფაქსი“.

ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება 9 აგვისტოს დღისით მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, 81 ადამიანი დაშავდა, ერთი დაიღუპა. აფეთქების ტალღამ ქალაქში 180-ზე მეტი ავტომანქანა და 400 ბინა დააზიანა.

გამომძიებლების ინფორმაციით, აფეთქდა კერძო კომპანია Piro-Ross-ის მიერ დაქირავებული საწყობი, რომელშიც დენთი ინახებოდა. კომპანიის ტექნიკური დირექტორი სერგეი ჩანკაევი დააკავეს.

როგორც იუწყებიან, Piro-Ross-ს უნდა მოეხდინა ვადაგასული საარტილერიო ჭურვების დენთის უტილიზაცია. აფეთქების ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე მოჩანს რამდენიმე საარტილერიო ჭურვი.

გამოძიება წარმოებს სახიფათო პროდუქციის საწარმოო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის მუხლით. ჩანკაევმა დანაშაული არ აღიარა და განაცხადა, რომ აფეთქების ერთადერთი შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს დივერსია. მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

XS
SM
MD
LG