რუსეთის საპატრულო გემმა „ვასილი ბიკოვმა“ შავ ზღვაში 13 აგვისტოს დილით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა და გაჩერება მოსთხოვა სატვირთო გემ „სიუკრუ ოკანს“, რომელიც პალაუს დროშით ცურავს.
გემი უკრაინის პორტ იზმაილში მიემართებოდა, ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის გემმა მოითხოვა მისი გაჩერება შემოწმებისთვის. მას შემდეგ, რაც კაპიტანმა რეაგირება არ მოახდინა, „ვასილი ბიკოვმა“ გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა.
გემი დაათვალიერეს და მან გზა განაგრძო. ტრეკინგის სამსახურის, Marine Traffic-ის თანახმად, მან დანიშნულების პორტი შეიცვალა და ახლა რუმინეთისკენ მიემართება. მშრალტვირთიანი გემი საბერძნეთის პორტ ქალკიდიკიდან არის გამოსული.
რუსეთის სამხედროები მანამდე აცხადებდნენ, რომ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, სამხედრო სამიზნედ განიხილავენ უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. რა მიზეზით გაათავისუფლეს სატვირთო გემი და რა გადაჰქონდა მას, არ აზუსტებენ.
აშშ-ის ხელისუფლებამ მკაცრად გააკრიტიკა მარცვლეულის გარიგებაზე რუსეთის უარი და უკრაინის პორტების ბლოკადას სამხედრო აგრესია უწოდა.