სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ უზბეკეთის მოქალაქე დავრონბეკ იულდოშევი 9 ოქტომბრამდე დააკავა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ტერორისტული თავდასხმის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეზე. ის სამხედრო კომისარიატთან დააკავეს ბენზინის ბოთლით.
გამომძიებლების თქმით, იულდოშევს სურდა 10 აგვისტოს ღამით ცეცხლი წაეკიდებინა ბოლშაია მონეტნაიას ქუჩაზე მდებარე სამხედრო კომისარიატისთვის, მაგრამ დააკავეს. იულდოშევმა ვერ ახსნა, რას აკეთებდა სამხედრო კომისარიატის მახლობლად. უზბეკეთის მოქალაქეს შეუდგინეს ოქმი მიგრაციის კანონმდებლობის დარღვევის შესახებ.
მოგვიანებით იულდოშევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დაცვის მხარე უფრო რბილ ზომებს მოითხოვდა.
„მედუზამ“ დაიანგარიშა, რომ უკანასკნელ კვირებში რუსეთში სამხედრო კომისარიატებისთვის ცეცხლის წაკიდების მინიმუმ 30 მცდელობა იყო. უმეტეს შემთხვევებში ეს გააკეთეს 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებმა, რომლებიც დაკავების დროს ჰყვებოდნენ, რომ ამას სატელეფონო თაღლითები აიძულებდნენ. „ვიორსტკის“ მონაცემებით, სამხედრო კომისარიატებისთვის ცეცხლის წაკიდებას უფრო ხშირად ქალები ცდილობდნენ. 31 ივლისიდან, სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქში სამხედრო კომისარიატებისთვის ცეცხლის წაკიდების სულ მცირე ოთხი მცდელობა იყო.
ცეცხლის წაკიდების არცერთ შემთხვევას არ მოჰყოლია სერიოზული დაზიანება შენობების შიგნით და არ გამოუწვევია ხანძარი. ძირითადად იწვებოდა კარები ან ფანჯრები, წერს „მედიაზონა“. გამოცემის თანახმად, 2 აგვისტოსთვის შვიდი პირია ბრალდებული ქონების განზრახ განადგურებაში. მათ ხუთ-ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ორი პირი ბრალდებულია ხულიგნობაში. ამ მუხლით მაქსიმალური სასჯელი რვა წლით კოლონიაში პატიმრობაა. კიდევ ორი ადამიანი ბრალდებულია ტერაქტის განხორციელებაში. მათ 20 წლამდე კოლონია ემუქრებათ.