ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გამოთქმულ შეშფოთებას, რომელიც ეხება მიგრაციის პროცესების გააქტიურებას, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, რაც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებთან.
„საფუძველს მოკლებული არ არის, თუ გავითვალისწინებთ რუსეთსა და უკრაინაში აივ/შიდსის მაღალ პრევალენტობას და განსაკუთრებით ახალი შემთხვევების ზრდას", - აღნიშნა ცერცვაძემ.
ამ საკითხზე იგი განმარტავს: „საქართველო აივ/შიდსით ავადმყოფების მკურნალობისა და მოვლის თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავეა (თუ საუკეთესო არა) აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ასე მაგალითად, გამოვლენილი აივ ინფიცირებულთა 86%-ზე მეტი სტაბილურად იღებს ანტირეტროვირუსულ მკურნალობას და მათი 92%-ზე მეტში მიღწეულია ვირუსის სუპრესია, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის, გარანტირებული აქვთ ცხოვრების კარგი ხარისხი და რაც მთავარია, ისინი პრაქტიკულად არ წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების წყაროს. ასეთი პაციენტები სრულფასოვნად არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში, ქმნიან ოჯახებს, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და ა.შ."
ცერცვაძის განცხადების თანახმად, 2023 წლის პირველი ექვსი თვეში აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია სულ 6%-ით.
„საქართველოში რუსი და უკრაინელი მოქალაქეების მიგრაციის დაწყებიდანვე (2022 წლის გაზაფხული) შიდსის სამსახურმა გააძლიერა აივ ინფექციაზე ეპიდზედამხედველობა და პრევენციის, მკურნალობის და მოვლის სერვისების მიწოდებაზე კონტროლი, რაც მნიშვნელოვანია კეთილსაიმედო ეპიდსიტუაციის შენარჩუნების კუთხით. 2023 წლის პირველი ექვსი თვის პერიოდში, შარშადნელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია სულ 6%-ით. ამასთან, მათი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს ზრდა დაკავშირებულია არა იმდენად მიგრაციის პროცესების გაძლიერებასთან, რამდენადაც COVID-19 პანდემიის დასრულებასთან, რეგულაციების მოხსნასთან და ტესტირების რაოდენობის ზრდასთან. ჩვენ ვმუშაობთ მიგრანტებთან, რომ ყველა აივ ინფიცირებული მიგრანტი დროულად იყოს ჩართული მკურნალობის და მოვლის სერვისებში. შედეგიც კარგი გვაქვს. ბოლო 18 თვის განმავლობაში მკურნალობის სერვისები მიეწოდა უცხოეთის 214 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის 91 მოქალაქეს და უკრაინის 74 მოქალაქეს. ამასთან ამ პაციენტებს გლობალურ ფონდთან შეთანხმებით ანტირეტროვირუსული მედიკამენტები მიეწოდებათ აბსოლუტურად უფასოდ. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ ეს მედიკამენტები უფასოა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის. გარდა ამისა, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ზემოთაღნიშნული უკრაინის მოქალაქეებიდან 20 პირისთვის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გარდა ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება არის სრულიად უფასო", - ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც ცერცვაძე აცხადებს, საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული, მაგრამ ამის მიუხედავად, გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები,
განცხადებაში ვკითხულობთ: „საქართველოს დეკლარირებული აქვს აივ/შიდსის ეპიდემიის დასრულება 2030 წლისთვის, რაც ნიშნავს აივ ინფექციის ახალი შემთხვევების ნულამდე დაყვანას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიგრაციის პროცესების გაძლიერებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ამ საშვილიშვილო შედეგის მიღწევა".