Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია აწარმოებს მოლაპარაკებას უკრაინისათვის Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების გადაცემაზე


ჰაერი-ხმელეთი კლასის ფრთოსანი რაკეტაTaurus-ი შეიარაღებაში რამდენიმე ქვეყანას აქვს, მათ შორის სამხრეთ კორეას
ჰაერი-ხმელეთი კლასის ფრთოსანი რაკეტაTaurus-ი შეიარაღებაში რამდენიმე ქვეყანას აქვს, მათ შორის სამხრეთ კორეას

გერმანიის მთავრობა განიხილავს ბუნდესვერის შეიარაღებაში არსებული შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა Taurus-ების უკრაინისთვის უახლოეს თვეებში გადაცემის შესაძლებლობას, მაგრამ საკითხი ჭიანურდება კანცლერ ოლაფ შოლცის პოზიციის გამო - მას რაკეტების მოდიფიცირება უნდა. „შპიგელის“ თანახმად, რომელსაც, თავის მხრივ, გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ციტირებს, კანცლერ ოლაფ შოლცს სურს, ტექნიკური ცვლილებები შეიტანოს რაკეტებში, რათა კიევმა ვერ შეძლოს მათი გამოყენება იერიშებისთვის რუსეთზე, რომელსაც არ განეკუთვნება ოკუპირებული ყირიმი.

Spiegel-ის თანახმად, შოლცი, რომელიც "შეშფოთებულია ომის ესკალაციის გამო", არ დაამტკიცებს რაკეტების მიწოდებას მანამ, სანამ არ დარწმუნდება მათ ტექნიკურ მოდიფიკაციაში. სამრეწველო წრეებში აღინიშნება, რომ რაკეტების ასეთი შეზღუდვა შესაძლებელია, მაგრამ ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

ამასთან, წყაროები მიუთითებენ იმაზე, რომ თუ ადრე გერმანიის კანცლერი მზად იყო ფრთოსანი რაკეტა Taurus-ი მხოლოდ იმ პირობით მიეწოდებინა უკრაინისთვის, თუ შეერთებული შტატები კიევს თავის შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის რაკეტებს გადასცემდა, ახლა აღნიშნული პირობა ბერლინისთვის მთავარ როლს აღარ თამაშობს.

ამასთან, აგვისტოდან გერმანია დაიწყებს უკრაინისთვის საზენიტო დანადგარ Gepard-ის ჭურვების გადაცემას. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მაისის დასაწყისში განაცხადა.

ადრე გერმანიამ უკრაინას გადასცა Gepard-ის 34 დანადგარი ექვსი ათასი ჭურვით. ბერლინის ასევე გეგმავს კიევისთვის კიდევ სამი დანადგარისა და 300 ათასი ჭურვის მიწოდებას.

გერმანიას სურდა, უკრაინისთვის გადაეცა Gepard-ის ჭურვები, რომლებიც შვეიცარიაშია წარმოებული. მაგრამ შვეიცარიამ უარი თქვა საბრძოლო მასალის რეექსპორტზე - შვეიცარიის კანონით, აკრძალულია იქ წარმოებული იარაღის მიწოდება იმ ქვეყნებისთვის, სადაც შეიარაღებული კონფლიქტია.

ამიტომ გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall-მა გადაწყვიტა, Gepard-ების ჭურვებისთვის ახალი ქარხანა ააშენოს.

XS
SM
MD
LG