Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია წლის ბოლომდე დატოვებს სარაკეტო სისტემა „პეტრიოტებს“ პოლონეთის ტერიტორიაზე


საილუსტრაციო ფოტო: სარაკეტო სისტემა "პეტრიოტი" პოლონეთში. 23 თებერვალი, 2023 წელი
საილუსტრაციო ფოტო: სარაკეტო სისტემა "პეტრიოტი" პოლონეთში. 23 თებერვალი, 2023 წელი

გერმანია სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში წლის ბოლომდე დატოვებს სარაკეტო სისტემა „პეტრიოტის“ სამ დივიზიონს, რის თაობაზეც, საინფორმაციო სააგენტო DPA-ს ცნობით, ორმა ქვეყანამ მიაღწია შესაბამის შეთანხმებას.

10 აგვისტოს გერმანიასთან შეთანხმების მიღწევა პოლონეთის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში დაადასტურა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა, რომლის თქმით, წლის ბოლომდე პოლონეთი მზად იქნება, მოახდინოს გერმანული „პეტრიოტების“ ინტეგრირება ქვეყნის ერთიან საჰაერო თავდაცვაში.

2023 წლის იანვრიდან უკრაინის საზღვრის მახლობლად, სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, ქვეყნის საჰაერო სივრცის დასაცავად სისტემა „პეტრიოტების“ სამი გერმანული დივიზიონი განლაგდა.

გერმანია და პოლონეთი ნატოს მოკავშირეები და ახლო სავაჭრო პარტნიორები არიან. მაგრამ ურთიერთობები ორ მთავრობას შორის რთული და ზოგჯერ დაძაბული იყო, რაც ხელს უშლიდა პოლონეთის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ მიმართული გერმანული განზრახვის განხორციელებას.

გერმანიამ პოლონეთს სარაკეტო სისტემა „პეტრიოტების“ გაგზავნა მას შემდეგ შესთავაზა, რაც შარშან ნოემბერში 2 ადამიანი დაიღუპა უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, სავარაუდოდ, უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტის აფეთქების შედეგად.

თავდაპირველი შეთანხმების თანახმად, გერმანული „პეტრიოტის“ დივიზიონები ზამოსტიეში მაქსიმუმ ექვსი თვის განმავლობაში უნდა ყოფილიყვნენ. ივლისის დასაწყისში გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან შეხვედრაზე მარიუშ ბლაშჩაკმა კოლეგას მათი ყოფნის გახანგრძლივება სთხოვა.

XS
SM
MD
LG