Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო აშშ-ში Belavia-ს სანქცირების შესწავლის შემდეგ გეგმავს გადაწყვეტილების მიღებას


ავიაკომპანია "ბელავიას" საჰაერო ხომალდი
ავიაკომპანია "ბელავიას" საჰაერო ხომალდი

საქართველოს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, შეუწყვეტს თუ არა ავიაკომპანია "ბელავიას" ქვეყანაში ფრენის უფლებას. აშშ-სგან ავიაკომპანიის სანქცირებაზე რადიო თავისუფლების მიერ დასმულ კითხვას "სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ" განცხადებით უპასუხა.

"ბელავია" საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს - ფრენები სრულდება როგორც თბილისის, ისე ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებიდან.

"სააგენტო შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად დეტალურად შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების მიერ ავიაკომპანია Belavia-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება", - წერია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ მწარმოებლის მიერ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია Belavia-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის თვითმფრინავებით. სააგენტო განმარტავს, რომ ეს ავიაკომპანია ახლა Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ასრულებს რეისებს.

მინსკის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდა ბელარუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავთან დაკავშირებით, რომლის ოფიციალური შედეგებიც აშშ-მა არ აღიარა. კენჭისყრაში გამარჯვებულად გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. ბელარუსის ხელისუფლებამ ჩაახშო მასობრივი პროტესტი, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა. საპროტესტო გამოსვლების ასობით მონაწილე ციხეში ჩასვეს, ქვეყანა დატოვა ათასობით ადამიანმა. ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შემდგომში მას მერე გამკაცრდა, რაც ლუკაშენკას რეჟიმმა მხარი დაუჭირა უკრაინაში რუსეთის შეჭრას.

XS
SM
MD
LG