Yandex-ის დამფუძნებელმა არკადი ვოლოჟმა საჯაროდ პირველად დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა. განაცხადა, რომ ეს „ბარბაროსობად მიაჩნდა და ამით შეძრწუნებულია“. ბიზნესმენმა თქვა, რომ რუსეთის ქმედებებში "თავისი პასუხისმგებლობის წილსაც" ხედავს.
59 წლის ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაშია 2022 წლის ივნისიდან. ევროკავშირის ოფიციალურ ჩამონათვალში ის აღწერილია, როგორც ბიზნესმენი, რომელიც მატერიალურად და ფინანსურად მხარს უჭერს რუსეთის მთავრობას და პასუხისმგებელია ქმედებებზე ან პოლიტიკაზე, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.
ევროკავშირის თანახმად, Yandex-ი პასუხისმგებელია სახელმწიფო მედიის პოპულარიზაციაზე და საძიებო სისტემაში კრემლის კრიტიკის გაქრობაზე.
უკრაინაში ომის შესახებ პოზიციაზე გამოცემა „მედუზასთვის“ მიწერილ წერილში ვოლოჟი ამბობს, რომ Yandex-ის შემქმნელებს სჯეროდათ, რომ ახალ რუსეთს აშენებდნენ: "ღია, პროგრესულ, ინტეგრირებულ გლობალურ ეკონომიკაში".
„დროთა განმავლობაში გასაგები გახდა, რომ რუსეთი არ ჩქარობს, გახდეს გლობალური სამყაროს ნაწილი, ამასთან იზრდებოდა ზეწოლა კომპანიაზე“, - განაცხადა ბიზნესმენმა. მისი თქმით, ახლა ესმის, რომ ამ პირობებში „რაღაცის სხვანაირად გაკეთებაც შეიძლებოდა“.
„2022 წლის თებერვალში მსოფლიო შეიცვალა და მივხვდი, რომ Yandex-სთან ჩემი ისტორია დასრულდა“, - განაცხადა ვოლოჟმა. მისი თქმით, ამის შემდეგ ის იმ რუსი ინჟინრების მხარდაჭერაზე გადაერთო, რომლებმაც ქვეყნის დატოვება გადაწყვიტეს. „ისინი დიდ სარგებელს მოუტანენ იმ ქვეყნებს, სადაც დარჩებიან“, - განაცხადა მილიარდერმა ბიზნესმენმა.
ვოლოჟი ამჟამად ისრაელში ცხოვრობს, გავრცელებული ინფორმაციით, ის Yandex-ისგან გამოყოფილ და დამოუკიდებლად არსებულ საერთაშორისო სერვისებთან ბიზნესის წამოწყებას აპირებს.
ვოლოჟი უმდიდრეს რუს ბიზნესმენებს შორის მეოთხეა, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა საჯაროდ დაგმო. მანამდე მსგავსი პოზიცია გამოხატეს დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ, ოლეგ ტინკოვმა და ანდრეი ბოროდინმა.