10 აგვისტოს, ღამით, უკრაინის როვნოს ოლქში რუსეთმა მასირებული თავდასხმა განახორციელა დრონების საშუალებით. შედეგად, განადგურდა ნავთობის საწყობი დუბნოს რაიონში.
ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა როვნოს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კოვალმა. მსხვერპლი არ არის. მისი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ 45 მაშველი და 14 ტექნიკური ერთეული, მოქმედებს სახანძრო მატარებელი. კოვალის თანახმად, რეგიონში, სადაც ბირთვული ელექტროსადგურია, რადიაციული ფონი ნორმაშია, მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.
10 აგვისტოს, ღამით, რუსეთის არმიამ დარტყმა მიაყენა ხარკოვის ოლქს, სადაც, როგორც ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი იტყობინება, დაზიანდა ქალაქის საბჭოს შენობა და ერთი საცხოვრებელი სახლი. მსხვერპლი არ არის, დაშავებულია ორი პირი. სინეგუბოვის თქმით, თავდასხმა განხორციელდა ФАБ-250 ტიპის საავიაციო ბომბით.
უკრაინის არმიის ცნობით, 10 აგვისტოს, ღამით, რუსეთის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს ათი თვითმკვლელი, „შაჰედის“ ტიპის დრონით. უკრაინული მხარის თანახმად, საჰაერო თავდაცვამ შვიდი მათგანი გაანადგურა.