Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა კუპიანსკის რაიონის 37 დასახლების ევაკუაციას იწყებს


ქალაქ კუპიანსკის შესასვლელში უკრაინის დროშა ფრიალებს.19 სექტემბერი, 2022 წელი
ქალაქ კუპიანსკის შესასვლელში უკრაინის დროშა ფრიალებს.19 სექტემბერი, 2022 წელი

უკრაინის ხელისუფლებამ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის 37 დასახლებული პუნქტის მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია დაიწყო. განკარგულება კუპიანსკის სამხედრო-საქალაქო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა.

უკანასკნელ დღეებში რუსული არმია ქალაქ კუპიანსკში შეღწევას ცდილობს და გახშირდა დაბომბვები.

უნდა მოხდეს მდინარე ოსკოლის მარცხენა სანაპიროს მცხოვრებლების ევაკუაცია. ნაწილობრივ ევაკუირებულია ქალაქი კუპიანსკიც, მათ შორის ევაკუაცია ეხება რკინიგზის სადგურ კუპიანსკი-უზლოვაიას ტერიტორიას. სადგური მდინარე ოსკოლის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. მანამდე ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ იგეგმება, დაახლოებით, 11 000 ადამიანის ევაკუაცია.

ქალაქი კუპიანსკი და კუპიანსკის ოლქის უმეტესი ნაწილი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე მოექცა ოკუპაციაში. ოლქი გასული წლის სექტემბერში უკრაინის არმიის ძალებმა გაათავისუფლეს.

ბოლო კვირებში ვრცელდებოდა ლიმანის და კუპიანსკის მიმართულებით, ლუგანსკის და ხარკოვის რაიონებში დიდი რაოდენობით რუსული სამხედროების ყოფნის შესახებ ცნობები. ამ მიმართულებით ფრონტის ხაზი თითქმის არ შეცვლილა გასული შემოდგომის შემდეგ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რასაც დამოუკიდებელი წყაროებიც ადასტურებენ, რუსულმა არმიამ შეტევის შემდეგ სოფელი ნოვოსელოვსკოე დაიკავა, თუმცა უკრაინული დაცვის ხაზის გარღვევა ვერ შეძლო.

მხარეებს შორის შეხების ხაზმა, გარკვეულწილად, დასავლეთისკენ გადაინაცვლა. კუპიანსკი ფრონტიდან დაახლოებით 10 კილომეტრშია.

„მტრის მიზანია, გაარღვიოს ჩვენი ჯარების დაცვის ხაზი და უშუალოდ კუპიანსკში შევიდეს“, - განაცხადა გუშინ, 9 აგვისტოს, უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ. მისი თქმით, რუსეთმა ამ ტერიტორიაზე დამრტყმელი ძალა შექმნა.

ბოლო დღეებში კუპიანსკის რაიონში დასახლებების დაბომბვა გააქტიურდა. ხუთშაბათს ღამით კუპიანსკის დაბომბვის შედეგად დაზიანდა ქალაქის საბჭოს შენობა და საცხოვრებელი სახლი, "დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს", - განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა. 6 აგვისტოს დაბომბვისას კი რაიონის, სულ მცირე, სამი მცხოვრები დაიღუპა.

XS
SM
MD
LG