Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ევროსაბჭოს არ შეატყობინებს საომარი მდგომარეობის გამოცხადებას


ევროპის საბჭოს შენობა
ევროპის საბჭოს შენობა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა საომარი მდგომარეობისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონებში ცვლილებების პროექტი. დოკუმენტი გამოჩნდა სახელმწიფო დუმის მონაცემთა ბაზაში. ცვლილებების მიხედვით, რუსეთი უარს ამბობს, შეატყობინოს ევროსაბჭოს საერთაშორისო შეთანხმებებიდან გასვლა, კერძოდ, ადამიანის უფლებების შესრულებასთან დაკავშირებული შეთანხმებებისა სამხედრო და საგანგებო მდგომარეობებში. ამის შესახებ „კომერსანტი“ იტყობინება.

გუშინ პუტინმა განკარგულება გასცა იმის შესახებ, რომ ცვლილებების განხილვისას დუმაში პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო.

საომარი მდგომარეობისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონების ამჟამინდელი ვერსია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტი ასეთი დებულების შემოღების შემთხვევაში გაეროს გენერალურ მდივანს და ევროპის საბჭოს აცნობებს რუსეთის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გადახვევის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან. მაგრამ შარშან მარტში რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო გააძევეს ევროსაბჭოდან. ამის შემდეგ რუსეთმა დენონსირება გაუკეთა ევროპის საბჭოს არაერთ კონვენციას, მათ შორის ადამიანის უფლებების შესახებ.

სამხედრო მდგომარეობა რუსეთის ხელისუფლებამ შემოიღო უკრაინის ოთხ ოლქში, - დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში, - რომელთა ანექსიის შესახებ მოსკოვმა შარშან შემოდგომაზე გამოაცხადა. იქ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. საომარი მდგომარეობა გასული წლის ოქტომბერში იქნა შემოღებული. უცნობია, შეატყობინა თუ არა პუტინმა ამის შესახებ ევროსაბჭოს. კანონის მიხედვით, რომელსაც ახლა ცვლიან, ის ვალდებული იყო, გაეკეთებინა ეს.

XS
SM
MD
LG