Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომი, 15 წლის წინ


ავტორი: არჩილ ორთანეზაშვილი

2008 წლის 7 აგვისტოს დილას, გაუგონარმა ხმამ გამაღვიძა, საწოლზე წამოვჯექი ჩემს წინ ფანჯარაში არაფერი ჩანდა, გავიფიქრე რომ მომეჩვენა და თავს, უკან, ბალიშზე ვდებდი, როცა ოთახში დედა შემოვარდა, ხელში „მაგთი ფიქსი“ ეჭირა, ტელეფონიდან მამას ხმა ისმოდა - ბავშვები სარდაფში ჩაიყვანეო. მე და ჩემი და სარდაფში ჩავედით, კიბეებთან ვიდექით და ერთმანეთს ვუყურებდით, არ ვიცოდით, გვეცინა თუ შეგვშინებოდა, რაღაც ახალი ხდებოდა ჩვენს თავს, ისეთი, რომელიც 9 და 5 წლის ბავშვებს კი არა, შეიძლება, ხანში შესულ მოხუცსაც არ ჰქონოდა ნანახი და მოსმენილი.

სულ მალე სარდაფის ზემოთ, კარის კაკუნის ხმა გაისმა, სახლში პაპა შემოვიდა, ჩვეული ჟრიამულით და ყურადღების გადასატანად ყველას ბებიას მომზადებულ საუზმეზე გვეპატიჟებოდა, მიუხედავად, ჩვენი მცირეწლოვანი ასაკისა, მივხვდით რომ ახლა აჯაფსანდალის დრო ნამდვილად არ იყო და პაპას მოყოლილი ამბავიც დიდი რკინის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, რომელიც კარუსელს დაეცა და დიდი ხმაური გამოიწვია, მთლად სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

მამა სამსახურიდან, სახლში დაბრუნდა. ყველა აქეთ იქით დარბოდა და რაღაცას ალაგებდა. გადავწყვიტე მეც ჩამელაგებინა ჩემი ნივთები. 9 წლის ასაკი ის პერიოდია როცა სათამაშოების სიყვარულს არც თუ ისე ღიად გამოხატავ, თუმცა რამდენიმე მათგანს მაინც მოვუყარე თავი და წასაღებად გავამზადე. ჯერი ყულაბაზე მიდგა, მთელს ვერ წავიღებდი და ალბათ ახლა იყო დრო რომ უნდა გამეტეხა, ავიღე ხანჯალი და წავაცალე თავი. ხურდებს და ქაღალდის ფულს ერთად მოვუყარე თავი და ჩანთაში ჩავტენე. საოცარი იმედი მომეცა, ვფიქრობდი, რომ ამ თანხით ბევრ რამეს შევძლებდი.

ქალაქში რომ გავედით, ცენტრალურ გამზირზე ასფალტი დაზიანებული იყო ტანკების გადაადგილების გამო. შემდეგ გამახსენდა წინა დღის საღამოს როგორ ყვიროდნენ ბავშვები, ეზოში - „ომი იწყებაო,“ ქართველი ჯარისკაცების, ცხინვალის რეგიონისკენ, გადაადგილების დანახვისას.

დავტოვეთ ქალაქი გორი, რომელიც სულ ცოტახანში, რუსეთის ჯარითა და ტანკებით გაივსო. ოჯახის გორიდან თბილისში გადაყვანის შემდეგ, მამა უკან დაბრუნდა, სადაც დაბომბვის ეპიცენტრში აღმოჩნდა, საბედნიეროდ გადარჩა.

მოვლენები, გორის ცენტრალურ გამზირზე, გორელი საბჭოთა ბელადის, სტალინის უზარმაზარი ძეგლის გარშემო ვითარდებოდა.

შემდეგ სიტუაცია ელვის სისწრაფით შეიცვალა, გორი დატოვა რუსეთის ჯარმა და ჩვენც სახლში დავბრუნდით. ქალაქის სტრატეგიული მნიშვნელოვნობა, ამ შემთხვევაში, პოზიტიურ მოვლენად იქცა და ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ვერ შეძლო რუსეთმა გორის სრული ოკუპაცია.

ჩემი მაშინდელი ბავშვური ოპტიმიზმი არც ერთი წუთით არ მაფიქრდება იმაზე, რომ ვეღარ დავბრუნდებოდით, არა და დასაწყისში საქმე ასე არ მიდიოდა.

ჩვენ გაგვიმართლა, ჩვენც გადავრჩით და ჩვენი საცხოვრებელი ადგილიც, მაგრამ რამდენს არ გაუმართლა.

ომის მიმდინარეობისას, 130000 ადამიანს იძულებით მოუწია საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, ჯამში, ნახევარ მილიონს აღწევს. კონფლიქტის ზონაში, სრულად განადგურდა, დაიწვა და დაინგრა 35000 სახლი. ცხინვალის რეგიონში, ოკუპირებულიქნა 125 სოფელი. დაიღუპა საქართველოს 412 მოქალაქე.

სექტემბერში სკოლაში მისულს, თემის დაწერა მთხოვეს. სახელწოდებით: „ჩემი თვალით დანახული ომი.“ მაშინ ეს დავალება ვერ შევასრულე, 15 წლის შემდეგ ვაბრუნებ ვალს. მშვიდობის იმედით.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG