Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მიერ სამოქალაქო პირებზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინა აშშ-ს კვლავ სთხოვს შორი რადიუსის რაკეტებს


დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი
დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ 7 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბარში შორი რადიუსის რაკეტების მიწოდება ითხოვა.

თხოვნის ფონია რუსეთის არმიის მიერ რაკეტებით სასიკვდილო იერიშის მიტანა დონეცკის რეგიონში მდებარე ქალაქ პოკროვსკზე, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. თხოვნის ფონია ასევე უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებები, რომ, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებზე რუსეთის შეტევების შედეგად.

უკრაინა აშშ-ს და სხვა დასავლელ პარტნიორებს მანამდეც სთხოვდა ტაქტიკური რაკეტების სისტემას (ATACMS). ვაშინგტონი ამ დრომდე თავს იკავებდა ამგვარი იარაღის მიწოდებისგან, რადგან შიშობდა, რომ კიევმა, შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტები ამოიღოს მიზანში.

ATACMS-ის სისტემით შესაძლებელია იერიშები რუსეთის იარაღის საწყობებზე და სხვა აღჭურვილობაზე 300-მდე კილომეტრის მოშორებით, რაც დაასუსტებდა მოსკოვის შესაძლებლობას, ფრონტის ხაზზე მოამარაგოს თავისი არმია - მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ამ იარაღს გამოიყენებენ რუსეთის მხრიდან ქალაქების მიზანში ამოღების შესაძლებლობის შესამცირებლად.

"აშშ-ს მადლობა გადავუხადე გაწეული დახმარებისთვის და ხაზი გავუსვი უკრაინის გრძელი რადიუსის შესაძლებლობების გაძლიერების საჭიროებას, ATACMS-ის მიწოდებით", - წერს კულება X-ზე, ანუ ძველ ტვიტერზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, თუმცა არ უხსენებია უკრაინის თხოვნა ATACMS-ის თაობაზე.

XS
SM
MD
LG