ირანელმა ქურთმა პოლიტპატიმარმა სოჰეილა მოჰამადიმ - რომელიც ირანის ჩრდილო-დასავლეთში, ურმიის ცენტრალურ ციხეშია - შიმშილობა დაიწყო და პირი ამოიკერა, აცხადებს უფლებადამცველი ჯგუფი.
ნორვეგიაში განთავსებული ჯგუფი, Hengaw-ი, რომელიც აკვირდება უფლებების დარღვევას ირანის ქურთულ რეგიონებში, ამბობს, რომ მოჰამადიმ შიმშილობა დაიწყო 5 აგვისტოს, ციხის ქალთა განყოფილებაში. ჯგუფის თქმით, მან პირი ამოიკერა "პროტესტის ნიშნად, ურმიის ციხის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის გამო".
ჯგუფის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ხუთწლიანი პატიმრობის განაჩენიდან მოჰამადიმ სამი წელი უკვე მოიხადა, მას კვლავაც არ ანიჭებენ შეწყალების და პირობით გათავისუფლების უფლებას. წყარომ ჯგუფ Hengaw-ს მიაწოდა ცნობები ციხეში არსებულ სირთულეებზე, მათ შორის იმ გარემოებაზე, რომ ციხის ზედამხედველები მოჰამადის ადგილობრივ პროკურორთან შეხვედრის საშუალებასაც კი არ აძლევენ.