Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრიოს კარაბალისი: უკრაინაში ომის გამო რუსეთმა სამხრეთ ოსეთიდან გამოცდილი ძალები გაიყვანა


საინფორმაციო თემატიკის გერმანულ სატელევიზიო არხს, n-tv.de-ს, თავის საიტზე მოჰყავს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის სიტყვები, რომელთა თანახმად, მოსკოვს საქართველოს ტერიტორიიდან, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან, თავისი ჯარისკაცები და ტექნიკა გაჰყავს, მაგრამ კონფლიქტი ნებისმიერ დროს შეიძლება გამწვავდეს.
გამოცემის თანახმად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ რეგიონებში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, მოსკოვს არსებითად ნაკლები ჯარისკაცი ჰყავს, ვიდრე უკრაინასთან ომის წინ.
მისიის ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისის სიტყვებით, „მათ ბევრი ტექნიკაც გაიყვანეს“ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსეთი დამოკიდებულია უცხოეთში მყოფ რესურსებზე. თუმცა ბერძენი დიპლომატი 2008 წლის 7-12 აგვისტოს ომიდან 15 წლის მერეც ვერ ხედავს ძვრას საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის შესაძლო მოგვარებისთვის.
გამოცემას მოჰყავს კარაბალისის სიტყვები, რომლებიც საქართველოს ეხება და რომლებშიც ნათქვამია, რომ „მათ არ ჰყავთ არც პერსონალი, არ აქვთ ტექნიკა, რამე მოიმოქმედონ“.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის აზრით, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, რომელმაც ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული მოგების საშუალებით შეძლო არმიის გაძლიერება, რათა სომხეთთან ომის შედეგად დაებრუნებინა მთიანი ყარაბაღის რეგიონი, საქართველოში ამგვარი რესურსი არ არის.
„აქ ვცდილობთ მშვიდი ვითარება შევინარჩუნოთ“, - ამბობს კარაბალისი. დაძაბულობა ნებისმიერ დროს შეიძლება ძალადობაში გადაიზარდოს, - ფიქრობს ის. „პატარა ნაპერწკალმა შეიძლება დიდი ცეცხლი გამოიწვიოს“, - მოჰყავს n-tv.de-ს მისი ნათქვამი.
კარაბალისი პრობლემას იმაში ხედავს, რომ რუსეთმა, რომელიც ომს აწარმოებს უკრაინასთან, სამხრეთ ოსეთიდან გაიყვანა გამოცდილი ძალები. მათ ნაცვლად კი არიან გამოუცდელი ჯარისკაცები და მესაზღვრეები, რომლებიც ვითარებაში ვერ ერკვევიან. „მათ არ იციან, ვინ ვართ ჩვენ, ისინი არ არიან მომზადებული. ეს იწვევს უსაფრთხოების რისკს“, - ხაზს უსვამს კარაბალისი, რომელიც დასძენს, რომ მისიის საქმიანობის შესახებ განმარტების მიზნით, რუსულ ენაზე დაბეჭდილი ტექსტი დაურიგეს სამხედროებს.
ჩვენ არ ვართ აქ კონფლიქტის მოსაგვარებლად, - ამბობს კარაბალისი. მისი აზრით, უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო ევროპის მხრიდან, რათა ზეწოლა მოახდინოს, რომ საქართველო ამოძრავდეს. კარაბალისი მიიჩნევს, რომ „მოლაპარაკებისთვის საჭიროა კომპრომისები“. მისივე თქმით, ბევრ პოლიტიკოსსაც არ ესმის, რომ საქართველომ ომი წააგო, 2008 წლის ომში თავისი ტერიტორიის 20 პროცენტზე დაკარგა კონტროლი.
კარაბალისი მიიჩნევს, რომ იმის გამოც, რომ ომიდან 15 წლის მერე ვითარება უცვლელია, აუცილებელია 2008 წლის 1 ოქტომბრიდან არსებული მისიის გაგრძელება.
XS
SM
MD
LG