Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომი: ორი ფილმი, ორი პროპაგანდა


მარცხნივ რუსული ფილმის „რვა აგვისტოს“ პოსტერი. მარჯვნივ ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ პოსტერი.
მარცხნივ რუსული ფილმის „რვა აგვისტოს“ პოსტერი. მარჯვნივ ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ პოსტერი.

აგვისტოს ომის დასრულებიდან მალევე საქართველომაც და რუსეთმაც კინოეკრანებზე მოვლენების საკუთარი ვერსიები გამოუშვეს. ორივე ფილმმა - "აგვისტოს ხუთმა დღემაც" და "აგვისტოს რვამაც" - დაიმსახურა კრიტიკა და პროპაგანდის იარლიყი. 

გახსოვთ, როგორ ითამაშა ენდი გარსიამ მიხეილ სააკაშვილი?

ჰოლივუდში გაკეთებული „აგვისტოს ხუთი დღე“, რომელიც საერთაშორისო კინოგაქირავებაში „ომის ხუთი დღის“ სახელით გავიდა, ფინელმა რეჟისორმა რენე ჰარლინმა გადაიღო.

2009 წელს ფილმის სცენარისტმა დავით იმედაშვილმა გამოცემა Time-ს უთხრა, რომ ხელისუფლება დააფინანსებდა ფილმს აგვისტოს ომზე და ეს ფილმი საქართველოს საპასუხო დარტყმა იქნებოდა.

„საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, რუსეთი გოლიათია. რუსეთთან ომის გაჩაღება სისულელეა. სხვა რამე უნდა ვქნათ და საკუთარი თავი სხვანაირად დავიცვათ.“ - თქვა მან.

იმავე აზრზე იყო ფილმის პროდიუსერი და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, მირზა დავითაია. „ეს ჩვენი შანსია, ვაჩვენოთ სამყაროს, რა მოხდა ჩვენთან. იგი [ფილმი] ეფუძნება ისტორიულ ფაქტებს.“ - უთხრა დავითაიამ Time-ს.

პრემიერა 2011 წლის 5 ივნისს შედგა. ისტორიულ ფაქტებზე მეტად კინოკრიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს პოლიტიკურ პროპაგანდასა და ბრტყელ პერსონაჟებზე.

ფილმი ჰყვება სამხედრო ჟურნალისტებზე, რომლებიც საქართველოში აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე ჩადიან. მთავარი პერსონაჟი, ამერიკელი ჟურნალისტი ტომას ანდერსი, მეგობრობს ქართველ ჯარისკაცთან, რომელმაც ერაყში გადაარჩინა. აგვისტოს ომის დღეებში ის თავის ოპერატორთან ერთად ჩადის კონფლიქტის ზონაში, სადაც რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს გადაიღებს.

პარალელურად მიხეილ სააკაშვილი (ენდი გარსია) ამაოდ ცდილობს რუსეთის შეჩერებას და საქართველოში დაწყებული ომით საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესებას. ფილმის ბოლოს ჩანან ნამდვილი ადამიანები, რომლებიც აგვისტოს ომის დროს დაღუპულ ნათესავებზე ჰყვებიან.

„უპატიებელია, გააღვიძო და გამოიყენო ადამიანური მწუხარება საიმისოდ, რომ წონა შესძინო ექშენ ფილმს, რომელიც მაიკლ ბეის [მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ცნობილი რეჟისორი] ფეერიაზე ღრმაც კი არაა.“ - დაწერა ცნობილმა ამერიკელმა კრიტიკოსმა როჯერ ებერტმა.

ფილმი გააკრიტიკა რუსმა კინობლოგერმა, ნიკიტა ბაჟენოვმაც, რომელსაც ინტერნეტში BadComedian-ის ზედმეტსახელით იცნობენ. იგი ფილმს ამუნათებდა რუსი ჯარისკაცების გროტესკული სახეების გამო. მას ვერ დაეჯერებინა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა შეიძლება აწამონ და მოკლან მშვიდობიანი მოსახლეობა, ან მოიპარონ ტელევიზორები თუ საქონელი. მოკლედ, გააკეთონ ყველაფერი ის, რაც საქართველოშიც მოხდა და რასაც ბოლო ერთი წელია, უკრაინაში აკეთებენ.

ქართველები კლავენ… ყველას

"აგვისტოს რვის" ბიუჯეტი 19 მილიონი დოლარია. თანხის დიდი ნაწილი რუსეთის ხელისუფლებამ დაფარა. კინოეკრანებზე 2012 წლის თებერვალში გამოვიდა და კომერციული წარმატება ვერ მოიპოვა.

ფილმის რეჟისორი, ჯანიკ ფაიზიევი ამბობდა, რომ ფილმი „ეფუძნება რეალურ ფაქტებს“, ის „სიყვარულზეა“ და არა პოლიტიკაზე. ამასთან, ფაიზიევი არ მალავდა, რომ ჰყვება რუსი ჯარისკაცების „გმირობებზეც“.

„ავიღე იმ ბიჭების სია, ვისაც რუსეთის გმირის წოდება აქვს მინიჭებული. ვხვდებოდი ყველას, ვისაც შემეძლო. ამ ადამიანების ისტორიებმა უბრალოდ შემძრა და ჯარისკაცების ნაწილი ჩვენი გმირების პროტოტიპები გახდა. შეიძლება ითქვას, რომ შევკრიბეთ ამ ბიჭების გმირობები და მათგან შევკარით სიუჟეტი. ფილმში ფაქტობრივად არც ერთი ნაწყვეტი არაა, რომელიც რეალური ცხოვრებიდან არ აგვიღია.“ - თქვა ფაიზიევმა.

და ქართველები? ქართული ტანკი კლავს უიარაღო რუს სამშვიდობოს და მის მოხუც დედ-მამას პატარა ბიჭის თვალწინ. მოგვიანებით, ქართველი სნაიპერი ასევე ცდილობს მოკლას ამ ბავშვის დედა.

სწორედ დედაა ფილმის მთავარი გმირი. პირველ წუთებზე ის ბიჭს ცხინვალში, მამასთან გაგზავნის. მაგრამ როცა გაიგებს, რომ ცხინვალში ომი იწყება, ბავშვის წამოსაყვანად წავა. ცხინვალის რეგიონში მას არაერთი ქართველი ჯარისკაცი შეხვდება. თითქმის მთელი ფილმის მანძილზე მათი სახეები არ ჩანს. ისინი მიწასთან ასწორებენ ცხინვალს, ესვრიან ავტობუსებს, მშვიდობიან მოსახლეობას… მოკლედ, სახიფათო მოწინააღმდეგე არიან, მაგრამ არა რუსი სამხედროებისთვის, რომლებიც ტყვიას ტყვიაში სვამენ.

ფილმის კიდევ ერთი ხაზი რუსეთის პრეზიდენტის კაბინეტში ვითარდება. მას თავდაპირველად არ უნდა საქართველოში ჯარების შეყვანა. „რუსეთი ახლახან დადგა ფეხზე და ეს კონფლიქტი ცივი ომის ეპოქაში დაგვაბრუნებს,“ - ეუბნება ერთ-ერთი მრჩეველი.

პრეზიდენტის უმოქმედობით ერთი რუსი ჯარისკაციც კი წუხდება. ის სინანულით ამბობს, რომ „ცხინვალი და მისი შემოგარენი უკვე საქართველოს ტერიტორიაა“. მაგრამ ბოლოს პრეზიდენტი მოიკრებს გამბედაობას, და ფილმის დასრულებამდე 15 წუთით ადრე საქართველოს „მშვიდობისკენ იძულების“ ბრძანებას გასცემს.

დაუფარავი პოლიტიკური პროპაგანდის გარდა, ფილმს აკრიტიკებდნენ ცუდი ვიზუალური ეფექტების გამოც. „პიქსარს მიჩვეული აუდიტორია, მის ‘ხარისხს’ აუცილებლად შეამჩნევს“ - წერდა ერთ-ერთი კინოკრიტიკოსი.

აზერბაიჯანში, უკრაინაში, მოლდოვასა და ყირგიზეთში ფილმის პრემიერას ქართული დიასპორის პროტესტი მოჰყვა.

თანაც ეს არ იყო პირველი პატრიოტული ფილმი, რომელიც კრემლმა აგვისტოს ომზე გადაიღო. ჯერ კიდევ 2009 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა „ოლიმპუს ინფერნო“, სამხედრო დრამა დაუნდობელ ქართველებზე, რომლებმაც ამერიკელების დახმარებით ცხინვალში გენოციდი მოაწყვეს.

"კინემატოგრაფიულ გარსში შეფუთული პატრიოტული და ანტიქართული პროპაგანდის მომაკვდინებელი დოზა" - ასე შეაფასა ფილმი გამოცემა fontanka.ru-მ.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG