კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გამოცემა New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში, როგორც ჩანს, კრიტიკულად შეაფასა რუსეთის დემოკრატია და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თქვა: "ეს რეალურად დემოკრატია არ არის, ეს ძვირი ბიუროკრატიაა".
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ წელსაა დანიშნული და, როგორც მოელიან, ავტორიტარი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავ მოიპოვებს გამარჯვებას, საბჭოთა პერიოდის შემდეგ ყველაზე მძიმე რეპრესიების პირობებში.
პესკოვი ინტერვიუში ამბობს, რომ "პუტინს გაისად ხელახლა აირჩევენ, ხმათა 90-ზე მეტი პროცენტით".
პუტინმა, რომელიც 1999 წლიდანაა რუსეთის ლიდერი, დიდწილად გააუქმა დემოკრატიისა და თავისუფლების ელემენტები, რომლებიც ქვეყანაში გაჩნდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, სამი ათწლეულის წინ.
მან დააპატიმრა ოპონენტები, დაიქვემდებარა სასამართლო სისტემა, ზეწოლა განახორციელა პრესის თავისუფლებაზე, ხოლო არჩევნები დიდწილად გადააქცია ფორმალობად, რომელზეც ხშირია ყუთებში ბიულეტენების ჩაყრა და შედეგებით მანიპულაცია.
თუმცა კრემლი ირწმუნება, რომ რუსეთის არჩევნები სამართლიანი და თავისუფალია. 6 აგვისტოს, New York Times-ის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, პესკოვმა განაცხადა, რომ გამოცემამ მისი სიტყვები არასწორად მოიტანა.
სააგენტო RBC-სთვის მოგვიანებით მიცემულ ინტერვიუში, პესკოვი შეეცადა თავისი განცხადების შეცვლას და თქვა, რომ რუსეთს "თეორიულად" არ ესაჭიროება საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა, რადგან "ცხადია, რომ კვლავ პუტინი იქნება არჩეული".