Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ რაჭაში მოხალისეების დახმარების საჭიროება არ არის


მაშველები და ჯარი ჯერ კიდევ ეძებენ 17 დაკარგულს. 6 აგვისტო, 2023 წელი
მაშველები და ჯარი ჯერ კიდევ ეძებენ 17 დაკარგულს. 6 აგვისტო, 2023 წელი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი მედიასთან ამბობს, რომ, ერთი მხრივ, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, რა ვადაში დასრულდება დაკარგული ადამიანების ძებნის ოპერაცია შოვში, მეორე მხრივ, კი არ არსებობს მოხალისეების ჩართვის საჭიროება სამძებრო სამუშაოებში.

„იცით თქვენ, რომ დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის ამოსვენება და ის გადასვენებულია პროზექტურაში. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის პროცედურები. ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს და აქტიურად საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

გზა ბოლომდე ჯერჯერობით გაყვანილი არ არის, თუმცა ძირითადი, გზის დაახლოებით 70%-ი, გაყვანილია და ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამწუხაროდ, კოტეჯების ტერიტორიის დათვალიერება სრულად ჯერჯერობით ვერ მოესწრო, კიდევ და კიდევ ობიექტური მიზეზების გამო, რომელიც ხელს გვიშლის - ეს არის მიწის სქელი მასა. თქვენ იცით, რომ ძალიან ფრთხილად ვმუშაობთ, დაკვირვების ქვეშ და აქედან გამომდინარე, შეგნებულად არ ვჩქარობთ. არის კონკრეტული ლოკაცია, სადაც ცალკეულად მუშაობს ტექნიკა, ცალკეულად მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და მსგავსი არის 6 ლოკაცია ამ დროისთვის. მსგავსი განცხადებების გაჟღერება და პროგნოზირება შეუძლებელია, რამდენ ხანში შევძლებთ დაკარგული ადამიანების, ცხედრები იქნება თუ ცოცხლად, მონახვას“, - განაცხადა მან.

ჟურნალისტებთან საუბრისას მღებრიშვილმა ადგილობრივებს მოუწოდა, რომ თვითნებურად არ სცადონ სტიქიის ზონაში შეღწევა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას, იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოიჩინეს ძალიან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სურვილი გამოთქვეს, რომ ჩაერთონ მოხალისედ. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს კანონით „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ მსგავს სიტუაციებში ტაქტიკურ თუ ოპერატიულ დონეზე პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ინციდენტზე შემოსული ზარის შემდეგ აბსოლუტურად კეთდება ყველაფერი სწრაფად, ოპერატიულად, შესაბამისი ძალების მობილიზებით და აბსოლუტურად არ არის საჭირო შემოვლითი გზებით ეცადონ მოქალაქეები შეაღწიონ სტიქიის ზონაში, რადგან ეს არის ძალიან საფრთხის შემცველი. არანაირი საჭიროება დღის წესრიგში არ დგას და თუ მაინც დადგა მოხალისეების კომპონენტი, ჩვენ გვაქვს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის სპეციალური ბაზა მოხალისეების, რომელთა მობილიზებას მოვახდენთ ორგანიზებულად“, - ამბობს მღებრიშვილი.

შოვში ამ დრომდე ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი, რომელთაგან 12-ია იდენტიფიცირებული. გრძელდება სამძებრო სამუშაოები 17 დაკარგულის საპოვნელად.

XS
SM
MD
LG