Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება ჯუთის დაზიანებული გზის ფოტოები - გზების დეპარტამენტი ამბობს, რომ გზა ჩაკეტილია


ფეისბუკში ვრცელდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთისკენ მიმავალი დაზიანებული გზის ფოტოები - ინტერნეტმომხმარებლები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ეს გზა, რომლის ცალი ზოლიც ჩამოშლილია, ახალი ტრაგედიის მიზეზი შეიძლება გახდეს. ადგილობრივების თქმით, გზა რამდენიმე თვის წინ დაზიანდა და მასზე ამ დრომდე დადის მანქანები.

რადიო თავისუფლებას საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს, რომ გზა თითქმის ერთი თვეა, დაკეტილია, "მაგრამ ცალ ზოლზე მაინც დადიოდნენ ავტომობილები." უწყების თქმით, გზის გამაგრებისთვის უკვე არსებობს პროექტი და პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.

ჯუთის გზის პროექტი საჯაროდ ხელმისაწვდომი ამ ეტაპზე არ არის. არც ის არის ცნობილი, რა ვადა დაჭირდება გზის გამაგრების სამუშაოებს და ვინ იმუშავებს მაღალმთიან რეგიონში გზის გაკეთებაზე.

პრესრელიზში, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 6 აგვისტოს გაავრცელა, წერია:

"2022 წლის ბოლოს დაწყებული პირველადი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილებები უკვე დასრულებულია. გამოიკვეთა სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული ადგილი.
მიმდინარე წლის 21 ივლისს, სამშენებლო კომპანიას უკვე დაევალა წინასამშენებლო კვლევების განხორციელება და სამუშაოების დაწყება.
კონტრაქტორი ორგანიზაცია აწარმოებდა მოსამზადებელ და სამობილიზაციო სამუშაოებს. მომდევნო კვირიდან კი, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება."

ჯუთაში დაზიანებული გზის ფოტოების გავრცელების ფონია რაჭის მეწყერი, რომელსაც ამ დროის ინფორმაციით, 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შოვში სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება - დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი.

XS
SM
MD
LG