პარტია "ლელოს" წევრი ლევან სამუშია გენერალურ პროკურატურას მიმართავს და სთხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება რაჭაში მომხდარ ტრაგედიაზე სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის.
ლევან სამუშიას თქმით, "განსაცვიფრებელია" ის, რომ ამ დრომდე არცერთი განცხადება არ გაკეთებულა გამოძიების დაწყების შესახებ. ის მიიჩნევს, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ექსპერტიზების ჩატარებისთვის, გამოძიება დროულად დაიწყოს.
"მე მინდა მივმართო საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რადგან გენერალური პროკურატურის ვალდებულებაა, ზედამხედველობა გაუწიოს ყველა გამოძიებას და დაიწყოს გამოძიებაც კი, დაწყებულია თუ არა გამოძიება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით, სავარაუდო გულგრილობასთან დაკავშირებით და დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით. თუ დაწყებული არ არის, ეს არის უკვე დანაშაული. დანიშნულია თუ არა შესაბამისი სახის ექსპერტიზები, რათა დადგინდეს ობიექტური რეალობა და ჭეშმარიტება, სინამდვილეში რა მოხდა.
ექსპერტებად არ გამოდგებიან პოლიტიკოსები მმართველი გუნდიდან, რომლებიც წყლის მომატება/არმომატებაზე საუბრობენ და შემდეგ გამორიცხავენ შესაძლებლობებს, რომ ადამიანები გადარჩენილიყვნენ. ასევე, რამ გამოიწვია აღნიშნული ღვარცოფი და უბედურება და შემდეგ გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, შესაძლებელი იყო თუ არა არიდება ამ ყველაფრის - საუბარია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე. ასევე, გამოძიების ფარგლებში გამოთხოვილი არის თუ არა შესაბამისი მტკიცებულებები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, კომპანიებიდან, რომლებიც მუდმივ მონიტორინგს აწარმოებენ, რათა დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება“, - განაცხადა სამუშიამ.
3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი.
6 აგვისტოს მონაცემებით, სტიქიის ადგილას ნაპოვნია 18 ცხედარი, მათგან 12 იდენტიფიცირებულია. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 17 ადამიანს, რომელთა შორის არიან ბავშვები.
შოვის ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლოვის დღედ გამოაცხადა.