მიმდინარე კვირაში მეორედ, 6 აგვისტოს, დროებით დაიხურა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტი, მას შემდეგ, რაც მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ უკუგდებულ იქნა დრონით შეტევა რუსეთის დედაქალაქზე. პარალელურად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები იუწყებიან "მასობრივ სარაკეტო თავდასხმაზე" 5-დან 6 აგვისტოს ღამით - აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით იერიშები განხორციელდა, სულ მცირე, 70 რაკეტით და თვითგამანადგურებელი დრონით.
"აეროპორტის კონტროლს მიღმა არსებული მიზეზებით, შემოღებულია დროებითი შეზღუდვები გაფრენებსა და ჩამოფრენებზე", - აეროპორტის პრესსამსახურის ამ განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო სააგენტო TASS-ი.
აეროპორტი დროებით დაიხურა 30 ივლისსაც, უკრაინის დრონის შეტევის შემდეგ, რასაც მოსკოვში ორი შენობის დაზიანება მოჰყვა.
კიევი აცხადებს, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ გააუვნებელყო 14-დან 12 Kalibr-ის ტიპის საზღვაო საკრუიზო რაკეტა, სანამ ისინი სამიზნეებს მიაღწევდა. ამასთან, რუსეთმა გაუშვა, სულ მცირე, სამი Kinzhal-ის ტიპის საჰაერო რაკეტა Tu-95-ის ტიპის ბომბდამშენებიდან, რომლებიც კასპიის რეგიონში დაფრინავდა. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, განადგურებულ იქნა 27-ვე Shahed-ის ტიპის დრონი.
საჰაერო ძალების პრესმდივანმა იური ინჰალტმა სახელმწიფო ტელევიზიას უთხრა, რომ რუსეთის იერიშის განსაკუთრებული სამიზნე იყო ხმელნიცკის რეგიონი.
ამავე დროს, უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონის, ბრიანსკის გუბერნატორი ტელეგრამით წერს, რომ ორი დრონი იქნა ჩამოგდებული, მსხვერპლის ან ნგრევის გამოწვევის გარეშე. რადიო თავისუფლება ვერ ახერხებს ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმებას.