თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბარში განიხილა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღდგენის საკითხი - იუწყება წყარო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან 5 აგვისტოს, ცნობას ავრცელებს სააგენტო როიტერსი.
დიპლომატებმა ასევე ისაუბრეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესზე, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ნატოს გაფართოების საკითხებზე - ამბობს წყარო, რომლის თქმითაც საუბარი ბლინკენის თხოვნის საფუძველზე შედგა.
საუბრის დეტალები ამ ეტაპზე გამოცხადებული არ არის.
გასულ თვეში რუსეთი გავიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან, რომელიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა უკრაინის მარცვლეულის უსაფრთხო გატანას უკრაინის შავი ზღვის სამი პორტიდან. შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, მოსკოვმა თავის სამიზნეებად გადააქცია უკრაინის პორტები და მარცვლეულის ინფრასტრუქტურა შავ ზღვასა და მდინარე დუნაიზე.