Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიამ შესაძლოა რუსეთის ათასობით მოქალაქეს შესთავაზოს ქვეყნის დატოვება


ლატვიის მთავრობას სექტემბერში შესაძლოა ქვეყნის დატოვების რეკომენდაციით მიმართოს რუსეთის რამდენიმე ათას მოქალაქეს. ამის შესახებ ლატვიის სეიმის მოქალაქეობისა და მიგრაციის კომისიის ხელმძღვანელმა, ინგმარ ლიდაკამ, განაცხადა. მისი თქმით, საუბარია ხუთიდან - ექვს ათას ადამიანზე, რომლებიც არ ცდილობენ ბინადრობის ნებართვის დოკუმენტების განახლებას.

ლიდაკამ განმარტა, რომ ოფიციალური წერილები დაეგზავნებათ რუსეთის მოქალაქეობის მფლობელებს, რომლებსაც ჯერ არ დაუწყიათ ბინადრობის ნებართვის ხელახალი გაფორმება ლატვიაში დადგენილი ახალი წესებით და არ ჩააბარეს გამოცდები სახელმწიფო ენის ცოდნაში.

ინფორმაცია ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. სამინისტროს განცხადებით, ბრძანების მიღების შემდეგ, მის ადრესატებს ლატვიის დატოვება სამი თვის ვადაში მოუწევთ. ბრძანების შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით, მაგრამ ამისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებული.

  • ლატვიაში ცხოვრობს განსაკუთრებული სტატუსის მქონე რუსეთის 25 317 მოქალაქე; რუსული პასპორტის მიღებამდე ისინი ლატვიის მოქალაქეები ან (უმეტესად) ე.წ. არამოქალაქეები იყვნენ.
  • 2022 წლის სექტემბრის ბოლოს ლატვიის პარლამენტმა, სეიმმა, საკანონმდებლო დონეზე 2023 წლის 2 სექტემბრიდან გააუქმა მუდმივი ბინადრობის ნებართვა ასეთი კატეგორიის ადამიანებისთვის.
  • იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ლატვიაში ცხოვრების უფლება, მათ უნდა მიიღონ ბინადრობის ნებართვა ახალი პროცედურით. ამისათვის მათ მოქალაქეობისა და საიმიგრაციო საკითხების ოფისში უნდა წარადგინონ ლატვიური ენის ცოდნის მოწმობა და დაამტკიცონ, რომ გასული წლის ყოველთვიური შემოსავალი არ იყო მინიმალურ ხელფასზე (620 ევრო 2023 წელს) ნაკლები ან იღებენ ლატვიურ პენსიას.
XS
SM
MD
LG