პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ "სტალინისტურ ვადას" მიუსჯიან, როცა 4 აგვისტოს განაჩენს გამოუტანენ ექსტრემიზმში ბრალდებებისთვის.
ნავალნიმ თავისი მხარდამჭერების შუამავლობით გაავრცელა განცხადება, რომელიც განაჩენის გამოტანამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა გამოცემა Meduza-ის ვებსაიტზე. "ეს უზარმაზარი ვადა იქნება", - ამბობს 47 წლის ნავალნი. მისი თქმით, მისი სასჯელის გამოთვლის ფორმულა მარტივია და მოიცავს "პროკურორის მიერ 20 ივლისს მოთხოვნილ 20 წელს და მის 10-15 პროცენტით შემცირებას". პროკურორები 20 წელს მოითხოვენ, "ხოლო ისინი [ვადად] 18 [წელს] ან რაღაც ასეთს გამოაცხადებენ. ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ... მთავარი მიზანი ზეწოლაა", - ამბობს ნავალნი, რომელიც სადამსჯელო კოლონიაში 2021 წლის თებერვლიდან იმყოფება სხვა ბრალდებებით.
კრემლის კრიტიკოსს და კორუფციასთან მებრძოლს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის ექვსი მუხლით, რომლებიც მოიცავს ექსტრემისტული ჯგუფის შექმნასა და დაფინანსებას, ექსტრემიზმისკენ მოწოდებებს, ნაციზმის რეაბილიტაციას და არასრულწლოვანების ჩართვას სახიფათო ქმედებებში.