გამოძიებამ გადაწყვიტა, დონეცკში პრორუსული სეპარატისტული ძალების ყოფილი მეთაურის, იგორ სტრელკოვის (გირკინი) წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ მასალებს მიენიჭოს გრიფი „სრულიად გასაიდუმლოებული“. ამის შესახებ გამოცემა RBC-ს შეატყობინა სტრელკოვის ადვოკატმა ალექსანდრ მოლოხოვმა.
ადვოკატმა დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებად ჩაითვლება. სტრელკოვი მოსკოვის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, მას ბრალი ედება ექსტრემიზმის წაქეზებაში.
სტრელკოვის საქმის ბოლო სასამართლო სხდომაზე 21 ივლისს ითქვა, რომ გამოძიებას აწარმოებენ ფსბ-ს გამომძიებლები. მანამდე მან უარი თქვა წინასწარი დაკავების იზოლატორში საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის წევრებთან ურთიერთობაზე, ამის მიზეზი სტრელკოვს არ განუმარტავს.
სტრელკოვი 21 ივლისს დააკავეს მოსკოვში, საკუთარ ბინაში. სასამართლომ ის ორი თვით დააკავა. მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ექსტრემიზმის წაქეზების ბრალდებით, რისი საბაბიც იყო მის მიერ ტელეგრამის საკუთარ არხზე გამოქვეყნებული რამდენიმე პოსტი.
სტრელკოვი ფსბ-ს თადარიგის პოლკოვნიკია. 2014 წელს რუსეთის ათეულობით მოქალაქისგან შემდგარმა რაზმმა მისი მეთაურობით და სეპარატისტების მხარდაჭერით აიღო უკრაინის ქალაქი სლავიანსკი დონეცკის ოლქში. დონბასში ომი ფაქტობრივად სლავიანსკში ბრძოლებით დაიწყო. ახლა სტრელკოვი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ამავე დროს, ფრონტზე წარუმატებლობის გამო ის თავიდანვე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის სამხედრო სარდლობას, კერძოდ, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს.
დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე სტრელკოვმა ტელეგრამში, თავის არხზე, რომელსაც 800 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. კერძოდ, მან პუტინს „არარაობა“ უწოდა. სტრელკოვის ზოგიერთი თანამოაზრე მიიჩნევს, რომ ეს იყო სისხლისსამართლებრივი დევნის ფორმალური მიზეზი.
შარშან ნოემბერში ნიდერლანდის სასამართლომ ჰააგაში სტრელკოვს დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა 2014 წელს დონბასში „მალაიზიური ავიახაზების“ Boeing 777 სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობისთვის. ავარიას 298 ადამიანი ემსხვერპლა. სტრელკოვი სასამართლო პროცესში არ მონაწილეობდა და ბრალეულობას უარყოფს.