თბილისის იუსტიციის სახლში ევაკუაციის გამოცხადებას ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. მისი განცხადებით, „ბოროტმოქმედის ცრუ შეტყობინების საფუძველზე მომხმარებელთა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროულად განხორციელდა ევაკუაცია".
როგორც იუსტიციის მინისტრი წერს, „საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. დამნაშავე გამოიკვეთება და აგებს შესაბამის პასუხს".
მინისტრი აღნიშნავს, რომ დაკეტვის მიუხედავად, იუსტიციის სახლმა მომხმარებლებს მომსახურება გაუწია.
თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს, 09:00 საათიდან განაახლებს მუშაობას. იუსტიციის სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ სატელეფონო ცენტრმა განაახლა მუშაობა და აგრძელებს მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს (24 საათი).
იუსტიციის სახლის განცხადებით, მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა იქნა მიღებული, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
2 აგვისტოს თბილისის იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა. შენობაში განთავსებულია ასევე ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტროს ნაწილი. ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაადასტურეს ეროვნულ ბანკში.
გავრცელდა ცნობა, რომ იუსტიციის სახლში შევიდა შეტყობინება შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის სავარაუდო არსებობაზე.
ამ შინაარსის შეტყობინება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში არაერთხელ შესულა. რომელიმე მათგანში ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.