Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახაროვა: შეკვეთილ ანტირუსულ აქციებს საქართველოს მოსახლეობა მხარს არ უჭერს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. 14 მარტი, 2023.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. 14 მარტი, 2023.

შეკვეთილი ანტირუსული პროვოკაციები, რომლებსაც საქართველოს რადიკალური ოპოზიცია აწყობს დასავლეთის მითითებით და ფულით, არ სარგებლობს მოსახლეობის მხარდაჭერით - განაცხადა 2 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

ამის მაგალითად მან დაასახელა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების ყოფნის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია, როცა ტურისტები საკრუიზო გემით, Astoria Grande-თი ჩავიდნენ ბათუმში.

ზახაროვას თქმით, მოსკოვს ესმის, ვინ არის ამ აქციის დამკვეთი.

„ქვეყნის შიგნით ამ აქციას მხარდაჭერა არ ჰქონია“, - დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ზახაროვას სიტყვებით, სამინისტროს ხშირად მიმართავენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მათთვის მიუღებელია ამგვარი „უზრდელი პროვოკაციები“.

ზახაროვას თანახმად, სახეზეა იმის მტკიცებულებები, რომ მსგავს აქციებთან კავშირი აქვთ დასავლელ სპონსორებსა და კურატორებს.

„ჩვენ ვნახეთ თბილისში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის, განცხადება, რომელიც პირდაპირ ასწავლის საქართველოს მოქალაქეებს, როგორ იცხოვრონ და უხარია მსგავსი აქციები. კაცმა რომ თქვას, ის სწორედ თავისი განცხადებებით ამტკიცებს, ვინ დგას ყოველივე ამის უკან და ვინ არის ბენეფიციარი“, - დაასკვნა დიპლომატმა.

საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს, რომელმაც ბათუმში რუსი ტურისტები ჩაიყვანა 31 ივლისს, გამთენიისას, ქალაქში საპროტესტო აქციით დახვდნენ, რის გამოც რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს პოლიციის დახმარებით შეძლეს ხმელეთზე გადასვლა, შემდეგ კი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დატოვეს ნავსადგურის ტერიტორია. დემონსტრანტებმა მათ კვერცხები და ბოთლები ესროლეს. პოლიციამ აქციაზე 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის უკრაინის 2 მოქალაქე.

Astoria Grande, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაგმეს ბათუმში ჩატარებული საპროტესტო აქციები და ოპოზიციას დესტაბილიზაციის მცდელობაში დასდეს ბრალი.

XS
SM
MD
LG