რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს უფლება არ მისცეს, დაეტოვებინათ საკრუიზო გემი Astoria Grande და ბათუმი დაეთვალიერებინათ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას გემის ერთ-ერთმა მგზავრმა ვალერი მოლჩანიუკმა უამბო, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად გაემგზავრა კრუიზში სოჭიდან.
მოლჩანიუკი ქართველ მესაზღვრეებს პირადად არ შეხვედრია, რადგან საკრუიზო გემის ყველა მგზავრი საზღვრის კვეთის უფლებას ტურისტული ოპერატორის ორგანიზებით იღებს.
გემის მგზავრი ჰყვება, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს რუსული პასპორტები არა ყირიმში, არამედ კრასნოდარის მხარეში აქვთ აღებული, თუმცა შვილებს პასპორტებში დაბადების ადგილად „ყირიმი, რუსეთი“ აქვთ მითითებული.
მოლჩანიუკის თქმით, საქართველოში არ შემოუშვეს არა მხოლოდ ყირიმელები, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქე, ვინც უკრაინაში დაიბადა, მათ შორის საბჭოთა პერიოდში.
„იყვნენ 60 წლამდე ასაკის ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება სოჭში ცხოვრობდნენ, რომლებსაც თავიდანვე რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდათ. მათ არ უცხოვრიათ უკრაინაში, მაგრამ დაიბადნენ უკრაინის სსრ-ის ტერიტორიაზე. ისინი არ შეუშვეს, მყისიერად უარი უთხრეს. არ მგონია, რომ უარის მიზეზი ყირიმთან ჩვენი კავშირი იყო. ჩვენი პასპორტები გაცემულია კრასნოდარის მხარეში. ჩვენ სპეციალურად წავედით კრასნოდარში - ფოტოების გადასაღებად და საბუთების გასაფორმებლად, რათა არ გვქონოდა ყირიმის პასპორტები“, - ჰყვება მოლჩანიუკი.
რუსეთის მოქალაქე ვარაუდობს, რომ სულ მცირე 15 მგზავრს შეზღუდვა იმის გამო შეეხო, რომ ბათუმის პორტში 31 ივლისს შესულ Astoria Grande-ს პროტესტით დახვდნენ.
რაიმე კონკრეტული პასუხი ან ახსნა-განმარტება კრუიზის მგზავრებს ტუროპერატორისგან არ მიუღიათ.
მოლჩანიუკი ასევე ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც კრუიზის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა გემი ავტობუსებით დატოვა, „ადგილობრივმა პოლიციამ ყველას, გამონაკლისის გარეშე“, აუკრძალა ბათუმისკენ გამგზავრება.
„ქალაქში შეზღუდული რაოდენობის ხალხი გავიდა – ვინც იყიდა ექსკურსიები და, ჩემი აზრით, ორი-სამი ავტობუსი, რომლებმაც მოახერხეს წასვლა. ყველა დანარჩენი გემზე დარჩა“, – თქვა მან.
რადიო თავისუფლება კომენტარისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ნახევარკუნძულის მცხოვრებლებს მოგზაურობისას პრობლემები გაუჩნდათ, მათ შორის - საქართველოში.
ბევრი ყირიმელი ჩიოდა, რომ საქართველოში შესვლა გაუჭირდა, რადგან ოფიციალური თბილისი რუსული ადმინისტრაციის მიერ გაცემულ დოკუმენტებს არ ცნობს.
საკრუიზო ლაინერს, რომელმაც რუსი ტურისტები ჩამოიყვანა, 31 ივლისს, გამთენიისას, ქალაქში საპროტესტო აქციით დახვდნენ, რის გამოც რუსეთის მოქალაქეებმა ხმელეთზე გადმოსვლა საქართველოს პოლიციის დახმარებით შეძლეს, შემდეგ კი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დატოვეს ნავსადგურის ტერიტორია. დემონსტრანტებმა მათ კვერცხები და ბოთლები ესროლეს. პოლიციამ აქციაზე 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის უკრაინის 2 მოქალაქე.
პალაუს დროშით მცურავი გემი Astoria Grande, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.