აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს მიმართავს თხოვნით, ტაივანის შეიარაღება დააფინანსოს უკრაინისთვის განკუთვნილი დამატებითი ბიუჯეტის ფარგლებში. ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება წყაროებზე დაყრდნობით.
თეთრი სახლის აზრით, ტაივანისთვის თანხების გამოყოფამ ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება უნდა დააჩქაროს ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე. თუ თხოვნას კონგრესი დაამტკიცებს, ტაივანი პირველად მიიღებს იარაღს უცხოური სამხედრო დაფინანსების სისტემის მეშვეობით, აღნიშნავს გაზეთი.
აშშ-ის მიერ უცხო ქვეყნების სამხედრო დახმარების პაკეტში ტაივანის ჩართვა უფრო რეალისტურს გახდის კუნძულის მხარდაჭერას რესპუბლიკელების მხრიდან. ისინი სკეპტიკურად უყურებენ კიევის დახმარებას, მაგრამ ამავე დროს მხარს უჭერენ ტაივანს.
თეთრმა სახლმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე ან დეტალების გამჟღავნებაზე, თუ რა თანხა იქნება მოთხოვნილი ტაივანისთვის.
კონგრესის შესაძლო კენჭისყრა დამატებით ბიუჯეტზე, რომელიც ძირითადად უკრაინის ახალ სამხედრო დახმარებაზე იქნება ფოკუსირებული, კიევის მხარდაჭერის პირველი გამოცდა იქნება ამჟამინდელ კონგრესში, წერს Financial Times-ი.
გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებულებას ტაივანისთვის 345 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ. თანხა გამოიყოფა თავდაცვით პროდუქციაზე, სამხედრო სფეროში ადამიანების განათლებასა და მომზადებაზე. პეკინმა მოუწოდა აშშ-ს, დაიცვას ერთი ჩინეთის პრინციპი და განაცხადა, რომ იარაღის მიწოდება კუნძულს დენთის კასრად აქცევს.
ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, მაგრამ მას 1949 წლიდან არ აკონტროლებს. აშშ არ ცნობს კუნძულის დამოუკიდებლობას, მაგრამ არსებული კანონმდებლობა საშუალებას აძლევს მას, გამოყოს თანხები თავდაცვისთვის.