რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჟურნალისტ ივან საფრონოვის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ღალატის საქმეზე გამოტანილი განაჩენის წინააღმდეგ. ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს. მას 22 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. საფრონოვს მასში მონაწილეობა არ მიუღია. ეს იყო უკანასკნელი ინსტანცია, სადაც მას შეეძლო გაესაჩივრებინა ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებები.
ივან საფრონოვი იყო მედიაში არაერთი რეზონანსული პუბლიკაციის ავტორი რუსეთის არმიის, კოსმოსური და სამხედრო მრეწველობის შესახებ.
2022 წლის 22 სექტემბერს სასამართლომ საფრონოვი დამნაშავედ ცნო ნატოს ქვეყნების დაზვერვის თანამშრომლებისთვის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემაში. „კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ყოფილი კორესპონდენტი, რომელიც დაკავებამდე როსკოსმოსის ხელმძღვანელის მრჩევლად მუშაობდა, დანაშაულს არ აღიარებს.
განაჩენის გამოტანამდე ცოტა ხნით ადრე გამოცემა „პროექტმა“ საფრონოვის საქმეზე საბრალდებო დასკვნა გამოაქვეყნა. აქედან გამომდინარეობს, რომ მან თითქოს საიდუმლო ინფორმაცია გადასცა ჩეხ ჟურნალისტს, მარტინ ლარიშს და გერმანელ პოლიტოლოგ დემური ვორონინს, რომლებსაც ფსბ უცხო ქვეყნების დაზვერვის თანამშრომლებად მიიჩნევს. ისინი ამას უარყოფენ. გამომძიებლებმა ვერ იპოვეს ვერცერთი თანამდებობის პირი, რომელიც საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა საფრონოვს. ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც საბრალდებო დასკვნაში საიდუმლო ეწოდება, ჟურნალისტებმა ღია წყაროებში მოძებნეს. ამას დაჟინებით ამტკიცებდა თავად საფრონოვიც.