„როცა ვიცი, რამხელა რამის შეჩერება შეუძლია პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას და ამას ქვეყანა თავს ვერ აბამს, ეგ ამბავი მაგიჟებს“, - გვეუბნება 32 წლის სალომე კვარაცხელია, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად ჩიოდა იმაზე, რომ საქართველოში 26 წელს გადაცილებულ ქალებს პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა უფასოდ არ ეკუთვნით.
გაზაფხულზე მეგობრისგან შეიტყო, რომ შეეძლო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის მიეწერა, ვაქცინაციის დაფინანსება მოეთხოვა და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, გინეკოლოგის რეკომენდაციით, აცრილიყო კიდეც. განცხადება აპრილში გაგზავნა, რამდენიმე დღეში დასტური მიღო და პირველი აცრაც გაიკეთა.
თუმცა, როგორც სალომე ამბობს, ეს ინფორმაცია ათასობით ქალისთვის არის უცნობი, რადგან დაავადებათა კონტროლის საიტზე ვერ მოძებნი ოფიციალურ ინფორმაციას, რომ 26 წელს ზემოთ ქალებს, მიმართვის საფუძველზეც შეუძლიათ უფასოდ აცრა. და ეს მაშინ, როცა ვაქცინის დოზებს ვადა გასდის.
„არც გინეკოლოგის რეკომენდაცია უნდა იყოს საჭირო, ეს მხოლოდ დროის და ფულის კარგვაა. ხოლო იმის მიზეზი, რომ 12 000 დოზა ვაქცინა გაფუჭდება, არასწორად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიაა“, - ამბობს სალომე კვარაცხელია.
„ნუ აფუჭებთ ვაქცინებს!
მაშინ, როცა 26 წელზე უფროს ქალებსაც გვინდა ამ ვაქცინის გაკეთება და ფასიანია! 12 წლის ზემოთ ბიჭებისთვისაც, ვაქცინა ფასიანია!
ჩემი ბიჭის აცრაში 1000 ლარი უნდა გადავიხადო. რატომ? რაში იყრება ჩვენი ბიუჯეტის ფული???
მოხსენით ასაკობრივი ზღვარი ქალებისა და ბიჭებისათვის დროებით მაინც, სანამ მოხდება აცრების ათვისება“, - ეს საჯარო პოსტი კი ფეისბუკში ქალთა უფლებების დამცველმა, ბაია პატარაიამ გამოაქვეყნა.
ვადა - სექტემბრის ბოლომდე
პაპილომავირუსის ვაქცინის ვადების და ზოგადად, საქართველოში ვაქცინაციის შესახებ კითხვები, ჯანდაცვის სამინისტროს დეპუტატმა თამარ კორძაიამ გაუგზავნა. მას აინტერესებდა:
- 2017 წლიდან დღემდე, თითოეულ წელში რამდენი გოგო/ქალი აიცრა HPV ვაქცინით სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში;
- 2021-2022 წლებში პაპილომავირუსის რამდენი ვაქცინა შეისყიდა საქართველომ, მათ შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენი დახარჯა და ნაყიდი რაოდენობიდან რამდენი პროცენტი დაიხარჯა.
- რა მარაგი აქვს დღეს ქვეყანას და როდის გასდის ვადა ვაქცინას.
- როდის იგეგმება საქართველოში HPV ვირუსის 9-პუნქტიანი ვაქცინის შემოტანა;
- რატომ გადაწყდა პროგრამის გაფართოება და 27 წლამდე ქალების მოცვა;
- ხომ არ იგეგმება, რომ პროგრამით მოსარგებლე ქალების ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ აიწიოს; რა ღონისძიებები ტარდება პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისებისთვის საქართველოში;
- და ბიუჯეტის რა თანხა დაიხარჯა ამ ყველაფერზე.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიასგან მიღებულ პასუხში ეწერა, რომ 2023 წლის 19 ივნისის მონაცემებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საწყობის მარაგში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 32 598 დოზაა. მათგან:
- 12 598 დოზას ვადა გასდის 2023 წლის 28 სექტემბერს.
- დანარჩენ 20 000 დოზა ვაქცინას - 2025 წლის მარტში.
- 2021-2022 წლებში საქართველომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეისყიდა 70 000 დოზა ვაქცინა, რაზეც გახარჯულია 1 036 004,00 ლარი.
ამავე წერილში ეწერა, რომ 2024 წელს განიხილავენ 9-ვალენტიანი ვაქცინის დანერგვის საკითხსაც.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება 27-45 წლის ასაკის ადამიანებსაც შეუძლიათ, ოღონდ ამ შემთხვევაში ვაქცინაცია ტარდება ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე.
„ინდივიდუალური მომართვის შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი თანახმაა უზრუნველყოს განმცხადებლის მოთხოვნა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შესახებ“, - წერს თამარ გაბუნია საპასუხო წერილში.
თუმცა ამავე ასაკობრივ ჯგუფში აპვ ვაქცინის საყოველთაო დანერგვა დაგეგმილი არ არის.
მაინც რატომ ვერ იმუშავა პროგრამამ და როგორ აპირებენ დაძველების პირას მყოფი ვაქცინების ათვისებას?
ეს კითხვა რადიო თავისუფლებამ დაუსვა ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც. ამ უკანასკნელმა თემის კომენტირებაზე უარი გვითხრა - უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გვიპასუხა, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიან, „დამატებით ინფორმაციას ვებსაიტზე დადებენ“ (პაპილომა ვირუსზე ბოლო ინფორმაცია 28 ივლისის თარიღით დევს).
ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხი ჯერაც არ მიგვიღია.
„ნეტგაზეთს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უპასუხა, რომ მიზეზი კორონავირუსის პანდემია იყო - აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოს ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 2019 წელს შევიდა, თუმცა, 2020 წლის გლობალურმა პანდემიამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა როგორც სხვა რუტინული ვაქცინაციის მიმდინარეობაზე, ისე - აპვ ვაქცინის დანერგვის პროცესზე არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშიო.
თუმცა NCDC იმასაც ამბობს, რომ 2022 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში აპვ ვაქცინაციაზე მომართვიანობა გაიზარდა.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ 26 წელს გადასცდით და აცრა გინდათ?
ავსებთ ამ განცხადებას პაპილომავირუსის აცრის დაფინანსების მოთხოვნით და აგზავნით მისამართზე: chancellery@ncdc.ge
ელოდებით პასუხს, დასტურის მიღების შემდეგ, მიდიხართ ამცრელ პუნქტში და იცრებით.
ეს არის ამცრელი პუნქტების ჩამონათვალი.
ყველაფერი პაპილომავირუსზე - მოკლედ
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოში 2006 წლიდან გამოიყენება. 2022 წლის ბოლოს მსოფლიოში უკვე 100 მილიონზე მეტი ადამიანი იყო აცრილი ვაქცინის 270 მილიონზე მეტი დოზით.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, აცრილთა თითქმის 100%-ს უვითარდება იმუნიტეტი, რის შედეგადაც მცირდება ინფექციისა და, შესაბამისად, მის მიერ გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები.
ადამიანის პაპილომავირუსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა და მისი ზოგიერთი ტიპი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევია. აღწერილია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პაპილომავირუსი იწვევს ანუსის, ქალისა და კაცის სასქესო ორგანოებისა და საყლაპავი მილის სიმსივნეებს.
ვირუსი საკმაოდ მარტივად, ყველა ტიპის სქესობრივი კონტაქტის, მათ შორის, კანიდან კანზე, დაინფიცირებულ არესთან შეხებით ვრცელდება. ანუ, ადამიანი პაპილომავირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ინტიმური კავშირის დროს, იქნება ეს სქესობრივი აქტი, პენეტრაცია თუ გენიტალიებზე შეხება.
კვლევების საფუძველზე ისიც დადგინდა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს 90%-ის მიზეზი სწორედ პაპილომავირუსის არსებობა იყო.
თავიდან ორკომპონენტიანი ვაქცინა შეიქმნა, რასაც მოჰყვა ჯერ ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც ვირუსის ყველაზე მეტად გავრცელებული ტიპებს შეიცავს და რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს (6, 11, 16 და 18).
დღეს განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილი უკვე გამოიყენებს ცხრაკომპონენტიან ვაქცინას, GARDASIL 9, რომელიც კიდევ უფრო მეტი ვირუსისგან (HPV 6, 11, 16, 18, 31, 33, 45, 52 და 58) იცავს ადამიანს.
იმისათვის, რომ ვაქცინამ დაცვის 100% გამოავლინოს, საჭიროა, რომ ის სქესობრივი კავშირის დაწყებამდე გაკეთდეს.
ამიტომ არის, რომ ვაქცინაციის საუკეთესო ასაკად მიჩნეულია 10-14 წელი, როგორც გოგონებისთვის, ისე ბიჭებისთვის. ამ ასაკობრივ კატეგორიაში, ვაქცინაცია ორდოზიანი სქემით, ექვსთვიანი ინტერვალით ტარდება.
საქართველოში რა ხდება?
საქართველოში, 10-12 წლის გოგოებისთვის პაპილომავირუსის უფასო ვაქცინაცია ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 2019 წელს შეიტანეს.
2022 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ასაკი 18 წლამდე გაიზარდა.
2023 წლის ცვლილებით, ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია.
15-26 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, ვაქცინაცია 3-დოზიანი სქემით წარიმართება. 0 - 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ ერთი თვისა, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ სამი თვე.
საქართველოს ეროვნული პროგრამის თანახმად, ვაქცინაცია 10-დან 26 წლამდე გოგონებისა და ქალებისთვის სრულიად უფასოა და ის ტარდება ოთხკომპონენტიანი ვაქცინით (GARDASIL, Merck & Co., Inc.USA).
2023 წლის ივლისამდე ვაქცინაციის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებდა მხოლოდ გოგონებისა და ქალების აცრას.
თუმცა, 2023 წლის 13 ივლისიდან, ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, პაპილომავირუსის უფასო ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა 10-12 წლის ასაკის ბიჭებისთვისაც.
სრული ვაქცინაციისთვის საჭიროა, სულ ცოტა, ორი აცრა 6-თვიანი ინტერვალით.
ვაქცინაცია საქართველოს მასშტაბით 242 ამცრელ პუნქტშია შესაძლებელი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტზე ატვირთული 2021 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, პაპილომავირუსის ვაქცინით აცრილია სამიზნე ჯგუფის (იმ პერიოდში იცრებოდა მხოლოდ 10-12 წლის გოგონები) 24%.
საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის ერთ-ერთი გამომწვები მიზეზი პაპილომავირუსია, მეოთხე ყველაზე ხშირად დიაგნოზირებული ონკოლოგიური დაავადება და ქალთა კიბოთი სიკვდილიანობის მეოთხე მიზეზია მსოფლიოში.
2020 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს დაახლოებით 604 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 342 000 ქალი გარდაიცვალა მსოფლიოში.
საქართველოში, საშვილოსნოს ყელის კიბო, 5 ყველაზე მაღალი ავადობის მქონე ავთვისებიან დაავადებებს შორის შედის.
2021 წლის მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს 281 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა და 151 ქალი გარდაიცვალა.