Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ანგარიში: ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების და კორუფციასთან ბრძოლის სფეროებში


ევროკავშირის დროშები.
ევროკავშირის დროშები.

გამოქვეყნდა 2022 წლის „ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ”. დოკუმენტი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) მოამზადა და ასახავს ევროკავშირის საქმიანობას, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ხელშეწყობასა და დაცვაზე მთელ მსოფლიოში. ის წარმოადგენს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ანგარიშს. მისი ნაწილი, რომელიც საქართველოს შეეხება, ქართულ ენაზე გამოაქვეყნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

დოკუმენტში საქართველოს საკითხი ხუთ პუნქტად არის წარმოდგენილი და იწყება ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის მიმოხილვით. მასში ნათქვამია, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანა. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და გამოაცხადა მზადყოფნა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები შესრულდება. ეს პრიორიტეტები დემოკრატიული პრინციპების განმტკიცების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებების საკითხებს მოიცავს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს. თუმცა მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წელს იყო წინსვლა საარჩევნო სისტემის, საჯარო მმართველობის რეფორმების, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით. ამავე დროს, ხაზგასმით არის აღნიშნული: შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში.

ევროკავშირი მიუთითებს, რომ კვლავ შემაშფოთებელია ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

პუნქტში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის მოქმედებას ეხება, ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი საქართველოში სამუშაოდ ხელმძღვანელობს ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ევროკავშირის სამოქმედო გეგმით 2020-2024 წლებისთვის.

„2022 წელს ევროკავშირმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაზე, უთანასწორობის შემცირებაზე, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, რომ მან თავისი სამოქალაქო უფლებების წინ წამოწევა და დაცვა შეძლოს. ევროკავშირი ადვოკატირებას უწევდა და ხელს უწყობდა ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების განხორციელებას, გენდერული თანასწორობის წინ წამოწევას და გენდერული და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ევროკავშირმა ასევე ყურადღება გაამახვილა ლგბტი თემის უფლებების, მათ შორის გაერთიანების თავისუფლების უფლების დაცვის ადვოკატირებაზე", - ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლის განმავლობაში ევროკავშირი ჩართული იყო რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგში საქართველოსთან, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა საქართველოს წახალისების მიზნით, შეემუშავებინა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. თუმცა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი აცხადებს, რომ ამ პროცესს აკლდა საფუძვლიანი კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

„ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმების შემუშავების თაობაზე დიალოგი გრძელდება. ევროკავშირმა შემოიტანა წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი საკითხების ინტეგრირებას, რომლებსაც სტრატეგია არ ითვალისწინებდა, როგორიცაა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ზომების მიღება და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება", - ნათქვამია დოკუმენტში.

XS
SM
MD
LG