ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთკვირიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთში გაემგზავრა. ალმატის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა კოლეგას, ალიხან სმაილოვს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე „შუა დერეფნის" განვითარებაზე გააკეთა აქცენტი. პრემიერმა ისიც თქვა, რომ ჩინეთში ვიზიტის დროს ილაპარაკა სწორედ ყაზახეთთან ერთად შემუშავებულ გეგმაზე, რომელიც ამ სატრანზიტო მიმართულებას უკავშირდება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ "შუა დერეფნის" განვითარებას და კარგი გეგმა გვაქვს მისი განვითარებისთვის. გასულ წელს ხელი მოვაწერეთ შესაბამის გზამკვლევსაც (საგზაო რუკას), რაც, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამ დერეფნის განვითარებისთვის.
ახლახან მე ვიზიტით ვიმყოფებოდი ჩინეთში, სადაც კარგი საუბარი, დისკუსია მქონდა ჩინეთის მთავრობასთანაც ჩვენი ერთობლივი პროექტის შესახებ და იქ ვახსენე ჩვენი გეგმა, გზამკვლევი (საგზაო რუკა) "შუა დერეფანთან" დაკავშირებით. ამდენად, მჯერა, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორიც აქამდე იყო და როგორიც ახლაა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას „ტვიტერში“ გამოეხმაურა. მან ტრანსკასპიური სატრანსპორტო საერთაშორისო მარშრუტის შესახებ დაწერა.
„მიხარია ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ქ. ალმატიში. შესანიშნავი წინსვლა გვაქვს ტრანზიტისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით. ტრანსკასპიური სატრანსპორტო საერთაშორისო მარშრუტი შთამბეჭდავი ტემპით ხორციელდება და რეგიონული კავშირის უნარს ძალიან ზრდის. შუა დერეფანთან დაკავშირებით საქართველოს და ყაზახეთის ამბიციური გეგმები განვითარების ახალი ერის დასაბამია”, - აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გაიხსენა თავისი ბოლო ვიზიტი თბილისში და მისი შედეგები.
„საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს შევთანხმდით ორმხრივი ვაჭრობის წლიური მაჩვენებლების გაზრდაზე და ძალიან კარგია, რომ 6 თვის შედეგების მიხედვით, ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა 30%-ით გაიზარდა. ჩვენი სავაჭრო ბრუნვის, ჩვენი ვაჭრობის მოცულობების შემდგომი გაზრდის მიზნით, მე გთავაზობთ, გამოვიყენოთ ჩვენი სამთავრობათაშორისო კომისიის შესაძლებლობები.
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობას ტრანზიტისა და ტრანსპორტის სფეროში. სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაში სწრაფად მყარდება. მიმდინარე წლის ექვს თვეში "შუა დერეფანზე" ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 77%-ით გაიზარდა და 1,3 მლნ ტონას მიაღწია. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე მიღწეულმა შეთანხმებებმა დამატებითი ბიძგი მისცა მარშრუტის განვითარებას", - თქვა ალიხან სმაილოვმა.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დასავლური სანქციების დაწესებამ ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა, „შუა დერეფანი“ გამოაცოცხლა.
ჩინეთს ევროკავშირის ქვეყნებთან ახლა „შუა დერეფანიც“ აკავშირებს - შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის გავლით, - რუსეთის ფედერაციის გვერდის ავლით. საქართველო ამ ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია.