Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა გამოაცხადა, რომ დროებით შეზღუდავს დრონების ექსპორტს


ჩინური წარმოების დრონი Mavic Pro
ჩინური წარმოების დრონი Mavic Pro

ჩინეთმა გამოაცხადა, რომ 1 სექტემბრიდან დროებით შეზღუდავს დრონების, მათი კომპონენტებისა და მათი წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის ექსპორტს. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ახალი წესები შემოღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

აკრძალვა ვრცელდება შორ მანძილზე მოქმედ სამოქალაქო დრონებზე, რომელთა წონა შვიდ კილოგრამზე მეტია. ასეთ მოწყობილობებს შეუძლიათ ჰაერში ნახევარ საათზე მეტ ხანს ყოფნა, საგნების ტრანსპორტირება და მათი მიწაზე ჩამოყრა.

დრონების საზღვარგარეთ გაგზავნა მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის აღების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ვაჭრობის უწყებაში განმარტავენ, რომ არსებობს ასეთი მოწყობილობების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების რისკი.

კიევის მოკავშირეები ეჭვობენ, რომ ჩინეთი რუსეთს აწვდის საქონელს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის წინააღმდეგ. პეკინი ამ ბრალდებებს უარყოფს.

ამ დღეებში გამოცემა „ვიორსტკა“ წერდა, რომ მოსკოვმა იყიდა ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების ჩიპები, რომელთა რუსეთში იმპორტი აკრძალულია. რეექსპორტის ძირითადი მიმართულებებია ჩინეთი, ჰონგ-კონგი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და თურქეთი. მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ყოფილი სსრკ-ს სახელმწიფოები - ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი და უზბეკეთი. „ვიორსტკის“ გამოძიების თანახმად, იტალია, გერმანია და ესტონეთი უშუალოდ ევროკავშირიდან ახორციელებენ ექსპორტს.

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიტალი დეინეგამ, ადრე განაცხადა, რომ კიევი არ ყიდულობს დრონებს ჩინეთისგან, რათა არ გაიფუჭოს ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. მაგრამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, დიდი ალბათობით, შეუძლია გამოიყენოს კერძოდ შეძენილი ჩინური მოწყობილობები.

XS
SM
MD
LG