Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალურ ვიდეოში ნაჩვენებია რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი, რომელიც დიდხანს არ ჩანდა


რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, რომელიც ასევე მეთაურობს უკრაინაში მებრძოლ რუსეთის ჯარების დაჯგუფებას, 10 ივლისის შემდეგ არ გამოჩენილა საზოგადოებაში.
რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, რომელიც ასევე მეთაურობს უკრაინაში მებრძოლ რუსეთის ჯარების დაჯგუფებას, 10 ივლისის შემდეგ არ გამოჩენილა საზოგადოებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, რომელიც 10 ივლისის შემდეგ არ გამოჩენილა საზოგადოებაში.

ცნობის თანახმად, გერასიმოვმა, რომელიც ასევე მეთაურობს რუსეთის დაჯგუფებას, რომელიც ომს აწარმოებს უკრაინაში, შეამოწმა „ზაპოროჟიეს მიმართულებით ჯარების დაჯგუფების მოწინავე სამეთაურო პუნქტი“. ვიდეოში გერასიმოვი თითქოს ისმენს ოფიცრების ანგარიშებს. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ მათ შორის იყო დაჯგუფების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ რომანჩუკი.

23-24 ივნისს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით, სხვა საკითხებთან ერთად, გერასიმოვის გადადგომის მოთხოვნით ჩაატარა შეიარაღებული სვლა მოსკოვის მიმართულებით. რუსეთის ხელისუფლებამ ამას ამბოხება უწოდა. მარშის შემდეგ „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა დაიწყეს ბელარუსში გადასვლა, ხოლო გერასიმოვი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ თავიანთ თანამდებობებზე დარჩნენ. ამავე დროს გერასიმოვი, შოიგუსგან განსხვავებით, არ გამოჩენილა საზოგადოებაში, რამაც სხვადასხვა ჭორი გამოიწვია. ამ ცნობების საპასუხოდ, 10 ივლისს თავდაცვის სამინისტრომ აჩვენა გერასიმოვის ამსახველი ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, დონის როსტოვში იყო გადაღებული.

თუმცა ზოგიერთი მაღალი რანგის ოფიცერი, კერძოდ, ჯარების ყოფილი მეთაური სერგეი სუროვიკინი, პრიგოჟინის აჯანყებიდან მოყოლებული არ გამოჩენილა საზოგადოებაში. არაერთი დასავლური მედია წყაროებზე დაყრდნობით დარწმუნებით წერდა, რომ შესაძლებელია, ის დააპატიმრეს ან მისი ინტერნირება მოხდა. სუროვიკინისა და რიგი სხვა გენერლების ბედზე ოფიციალურად არაფერია ცნობილი.

ივნისის ბოლოს ბევრმა პროსამთავრობო ტელეგრამის არხმა დაწერა, რომ ოპერაციის მეთაურად გერასიმოვის ნაცვლად შესაძლოა დაინიშნოს გენერალი მიხაილ ტეპლინსკი. თუმცა, შემდგომში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირიქით, ტეპლინსკი იქნა შერისხული. ასევე გერასიმოვის კრიტიკის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს 58-ე არმიის მეთაური გენერალი ივან პოპოვი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფრონტზე მოქმედებებისთვის ცოტა ხნის წინ შეაქო კიდევ ერთი მაღალი რანგის გენერალი, ანდრეი მორდვიჩოვი.

XS
SM
MD
LG