ბათუმის ნავსადგურში რუსი ტურისტებით დატვირთული საკრუიზო ლაინერის შესვლის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ 23 ადამიანს შორის კიდევ ერთია უკრაინის მოქალაქე.
დმიტრო ზაკრევსკი ადგილმდებარეობა ამ დრომდე არ იციან "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში", რომელიც დაკავებულის ინტერესებს იცავს. ჯერჯერობით, ზაკრევსკის მხოლოდ ვინაობაა ცნობილი.
„სად ჰყავთ, არ ვიცით, კომუნიკაცია არ გვქონია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აჭარის ოფისის ხელმძღვანელი თაკო წულუკიძე.
მისივე თქმით, ის, რომ დაკავებული უკრაინის მოქალაქეა, სამართლებრივად არაფერს ცვლის, თუმცა „შინაარსობრივად, ბუნებრივია, მიუღებელია თვითონ ფაქტი, როგორც ყველა სხვა დაკავების შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნაწილში“.
ზაკრევსკი უკრაინის მეორე მოქალაქეა, რომელიც 31 ივლისს დააკავეს. მანამდე მედიაში გავრცელდა მარინა ჩობანიანის დაკავების კადრები. ის ამ დრომდე ოზურგეთის იზოლატორში რჩება.
23 დაკავებულიდან 4 ადამიანის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. დაკავებულთა ნაწილი ამტკიცებს, რომ დაკავების პროცესში პოლიციამ ძალას გადაამეტა.
ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებულები პოლიციამ სხვადასხვა ქალაქის - ოზურგეთის, სენაკისა და ზუგდიდის - წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანა. მათ 48 საათის შემდეგ გაათავისუფლებენ. ამის შემდეგ კი სასამართლომ უნდა დაადგინოს, მართლაც დაარღვიეს თუ არა დაკავებულებმა ის მუხლები, რომელთაც პოლიცია ედავება - წვრილმანი ხულიგნობა (ასკ, მუხლი 166) და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა (ასკ, მუხლი 173).
გემი ASTORIA GRANDE, ბორტზე რუსული მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეებით, 29 ივლისს სოჭის პორტიდან გავიდა და 31 ივლისს, 05:30 საათზე, ტრაპიზონიდან ბათუმში შევიდა. ნავსადგურში გემს საპროტესტო აქციით დახვდნენ.
ბათუმის ნავსადგური რუსმა ტურისტებმა პოლიციის კორდონების გავლით დატოვეს. ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს, რომლებშიც ისინი ისხდნენ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კვერცხები და ბოთლები დაუშინეს.
პალაუს დროშით მცურავი გემი ASTORIA GRANDE, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში პირველად 27 ივლისს შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.