Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრივოი-როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია ექვსი ადამიანი, მათ შორის ათი წლის გოგო


რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული შენობა. კრივოი-როგი. 31 ივლისი, 2023 წელი
რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული შენობა. კრივოი-როგი. 31 ივლისი, 2023 წელი

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ კრივოი-როგზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, მათ შორის არის 10 წლის გოგო, რომლის დედაც შეწირა მომხდარს. 75 დაშავებულიდან სამი ბავშვია.

ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ხალხი ისევ იყოს. ამის შესახებ ტელევიზიით განაცხადა ქალაქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრ ვილკულმა.

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, ორშაბათს დილით კრივოი-როგში ერთი რაკეტა მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს, მეორე კი უნივერსიტეტის ოთხსართულიან შენობას. მაშველები ნანგრევებს წმენდენ. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ აღნიშნა, რომ საცხოვრებელი კორპუსის მე-4-დან მე-9 სართულამდე მონაკვეთი რაკეტის შეტაკების დროს განადგურდა და შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იგნატმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, ქალაქს ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ თავს. თავდასხმის შემდეგ არსებულ ვითარებაზე სოციალურ ქსელში ვიდეო და ფოტოები გამოქვეყნდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეგრამის არხზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა „რუსული ტერორის გამო“.

რუსეთის არმიის თავდასხმის შესახებ ცნობა გავრცელდა ხერსონის ოლქიდანაც, რომელსაც, როგორც ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი იტყობინება, „გრადის“ ტიპის სისტემებით დაუშინეს ცეცხლი. თავდასხმას ერთი პირი ემსხვერპლა.

მოსკოვმა არაერთხელ უარყო უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების შესახებ ბრალდებები და აღნიშნა, რომ მისი სამიზნე სამხედრო ინფრასტრუქტურაა. 31 ივლისს თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა "რუსეთის ქალაქებზე უკრაინის თავდასხმების ფონზე" მიიღეს დამატებითი ზომები საჰაერო და საზღვაო თავდასხმებისგან დასაცავად და გაზრდიან უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტებზე დარტყმების რაოდენობას.

XS
SM
MD
LG