Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სანქციებისთვის გვერდის ავლით ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების ჩიპების იმპორტი მოახერხა


რუსული წარმოების ფრთოსანი რაკეტა X-101, რომელიც დასავლური წარმოების ჩიპებით მუშაობს
რუსული წარმოების ფრთოსანი რაკეტა X-101, რომელიც დასავლური წარმოების ჩიპებით მუშაობს

მხოლოდ 2023 წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რუსეთმა მოახერხა ქვეყანაში შეეტანა დასავლური წარმოების ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აკრძალული ჩიპები, რომლებიც, მათ შორის, გამოიყენება იარაღის წარმოებაში. სამხედრო მრეწველობისთვის რუსეთში იმპორტირებულია მილიონობით დოლარის საფასურის ჩარხებიც. სანქციებისთვის გვერდის ავლით რუსეთში შეიტანეს ასევე სამოქალაქო ავიაციის სათადარიგო ნაწილები, რომელთა ღირებულება 171 მილიონი დოლარია, იტყობინება გამოცემა „ვიორსტკა“.

ჟურნალისტებმა დახურული საბაჟო სტატისტიკის გამოყენებით შეძლეს 2023 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში რუსეთში შეტანილი სანქცირებული საქონლის მოცულობის გამოთვლა და ასევე გაერკვნენ, თუ როგორ მუშაობს უკანონო იმპორტის სქემები.

გამოცემის ცნობით, სანქციების მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს ორმაგი დანიშნულების ჩიპების შეტანას. ისინი სარაკეტო წარმოებაში გამოიყენება. ექვსი თვის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებამ განაბაჟა საქონელი, რომელიც წარმოებული იყო ამერიკული კომპანია Analog Devices Inc.-ის მიერ (98 მილიონ დოლარზე მეტი). განბაჟებულია ასევე Xilinx-ის (75 მილიონ დოლარზე მეტი), Microchip Technology-ის (42 მილიონ დოლარზე მეტი) და Texas Instruments-ის (სულ მცირე, 38 მილიონი დოლარი) მიერ წარმოებული პროდუქტი.

რუსეთში შეტანილია ასევე ნახევარგამტარების უმსხვილესი გერმანული მწარმოებლის, Infineon-ის 28 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი. რუსეთში იმპორტირებულია Marvell-ის, Cypress Semiconductor-ისა და Atmel-ის პროდუქცია. სულ - დაახლოებით, 18 მილიონის ღირებულებისა.

ორმაგი დანიშნულების ჩიპები რუსეთში ასობით ფირმას შეაქვს. როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, „ვიორსტკის“ მიერ შედგენილი სიის მიხედვით, 25 უმსხვილესი იმპორტიორიდან 11 რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების პირდაპირი მიმწოდებელია. ჩიპების გარდა, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აქვს ჩარხების დეფიციტი. რუსეთში ასევე სანქციების გვერდის ავლით შეაქვთ იტალიური და გერმანული წარმოების ჩარხები.

გარდა ამისა, გამოცემის გათვლებით, რუსეთის ოთხმა უმსხვილესმა ავიაკომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ათეულ მილიონობით დოლარის ღირებულების სათადარიგო ნაწილები შეიტანა. თითქმის ყველა კომპონენტი დასავლური მწარმოებლებისაა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის საავიაციო ინდუსტრიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიცავს თვითმფრინავების აღჭურვილობისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდების აკრძალვას.

რეექსპორტის ძირითადი ქვეყნებია ჩინეთი, ჰონგ-კონგი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და თურქეთი. მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოები - ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი და უზბეკეთი.

„ვიორსტკის“ ჟურნალისტების თანახმად, რუსეთში სანქცირებული საქონლის მიწოდების სქემა ასეთია: მესამე ქვეყანაში რეგისტრირდება კომპანია, რომელიც საჭირო საქონელს ყიდულობს შიდა ბაზარზე ან პირდაპირ მწარმოებელს უკვეთს და რუსეთში რეექსპორტს უკეთებს. ასეთ კომპანიებს აფუძნებენ როგორც რუსეთის მოქალაქეები, ასევე - უცხოელები.

„ვიორსტკის“ გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსეთში შესაძლებელია თითქმის ყველაფრის შეტანა მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან - ორმაგი დანიშნულების ჩიპიდან დაწყებული Airbus-ისთვის განკუთვნილი ტურბორეაქტიული ძრავით დამთავრებული. დასავლური კომპანიები სქემებში მონაწილეობენ მესამე ქვეყნების მეშვეობით და რუსეთის ხელისუფლება წარმატებით უვლის გვერდს ევროპულ და ამერიკულ სანქციებს.

XS
SM
MD
LG