დიდ ბრიტანეთში 2 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ემზადება, რათა რუსეთისგან ანექსირებული ყირიმის დაბრუნების ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Express-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ეს ოფიციალურად არ დაფიქსირებულა, თუმცა ცნობილია, რომ უკრაინელი სამხედროები წვრთნას საზღვარგარეთ, მათ შორის ბრიტანეთში, გადიან.
სამხედრო პოლიგონი განლაგებულია დარტმურში, დევონის საგრაფოში, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით. ის დახურულია საზოგადოებისთვის და პრესისთვის. ბრიტანელი სპეციალისტები ეხმარებიან უკრაინული ძალების "ელიტური სპეცრაზმის" მომზადებას, რომელიც, როგორც ამბობენ, ყირიმში მომავალი ოპერაციის „ავანგარდში“ უნდა იყოს, ხოლო სხვა დანაყოფები მათ წინსვლაში დაეხმარებიან.
Daily Express-ის ინფორმაციით, ოპერაცია ჰაერიდან და ზღვიდან, ასევე ხმელეთზე დარტყმებს მოიცავს. მასში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს შორეული რადიუსის რაკეტებმა, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს მიერ მიწოდებულმა რაკეტებმა. ოპერაცია "შობამდე", ანუ 2023 წლის ბოლომდე დაიწყება.
ოფიციალურ ლონდონსა და კიევს გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ყირიმი საიმედოდ არის დაცული და უკრაინა წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან კონტრშეტევის დროს კიევს დიდი დანაკარგები აქვს.
ამავე დროს, კვირას რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კვლავ დაიმუქრა ბირთვული დარტყმით, თუ უკრაინა მოახერხებს დაიბრუნოს ზოგიერთი ტერიტორია, რომელსაც რუსეთი საკუთრად მიიჩნევს.