Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთმა გაყინა პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვლადიმირ ევტუშენკოვის, ანგარიშები და დააყადაღა მისი კუთვნილი სასტუმრო


ვლადიმირ ევტუშენკოვი
ვლადიმირ ევტუშენკოვი

ჩეხეთის ხელისუფლებამ დააყადაღა საკურორტო ქალაქ კარლოვი-ვარიში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Savoy Westend-ი, რომელიც რუს ბიზნესმენ ვლადიმირ ევტუშენკოვს ეკუთვნის. ჩეხეთის ტელევიზიის ცნობით, გარდა ამისა, დაბლოკილია ევტუშენკოვის კომპანიების ანგარიშები. ჟურნალისტების თქმით, სასტუმროს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი რუსი პოლიტიკოსები, მხატვრები და ბიზნესმენები.

ჩეხეთის რადიოს თანახმად, ხელისუფლებამ დაბლოკა ევტუშენკოვის აქტივები 100 მილიონი ჩეხური კრონის (დაახლოებით 4,6 მილიონი დოლარი) ოდენობით.

გამოცემის თანახმად, ახლა სასტუმრო Savoy Westend-ი იღებს მხოლოდ იმ ვიზიტორებს, რომლებმაც ცხოვრების საფასური ივლისის ბოლომდე გადაიხადეს. "როგორც სასტუმროს მენეჯერები ამბობენ, არსებობს რისკი, რომ თანამშრომლები სამსახურს დაკარგავენ", - წერს ჩეხური რადიო.

BBC-ის თანახმად, 2022 წლის აპრილში ევტუშენკოვმა დატოვა კორპორაცია AFK Sistema-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი.

მანამდე დიდმა ბრიტანეთმა ის შეიყვანა გაფართოებული სანქციების სიაში, რომელშიც რუსეთიდან იყო 206 ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, ასევე მათი ოჯახის წევრები.

ჩეხეთის რადიოს ცნობით, ევტუშენკოვის კომპანიები რუსეთში აწარმოებენ დრონებსა და სარადარო სადგურებს, რომლებიც ომში გამოიყენება.

ევტუშენკოვსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, კარგი ნაცნობობა აკავშირებთ, 2022 წელს ინტერნეტში გავრცელდა მათი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი. ერთ-ერთ ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს და მას „ბორინკად“ მოიხსენიებს. უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად მათ შორის საუბარი ორჯერ შედგა - 10 და 13 მარტს. პირველ ჩანაწერში საუბრის თემა ხორბალს ეხება. მეორეში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს თავის წარმომადგენელთან, კორპორაცია „სისტემის“ ვიცე-პრეზიდენტთან, ალი უზდენოვთან შეხვედრას.

საუბრის გარკვეული ეპიზოდები თავად ევტუშენკოვმა დაადასტურა.

XS
SM
MD
LG