Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უიმედოდ დარჩენილი ქვეყანა


ავტორი: ქეთევან შარაშენიძე

განთიადისას, როცა მზე ახელს თვალებს და ცაზეც ღრუბლები იფანტებიან თბილისი გაღვიძებას იწყებს. მეეზოვების ჩუმი სიარულის ხმაც კი ფანტავს მზისგან დამწვარ, ხმელ ფოთლებს ჰაერში. ახალი დღე იწყება. წინა დღით დაღლილ-დაქანცული ადამიანები სამსახურში წასასვლელად ემზადებიან. დილის ნიავიც ნელ-ნელა იფანტება. ქალაქი კი ქაოსში ეხვევა. თითქოს მტკვრის უხეში ტალღებიც კი იღლებიან ხოლმე ყოველდღიურობით. როგორია ყოველდღიურობა…? გზებზე, საცობში მყოფი მანქანებიდან სახედაკარგული მძღოლების სახეები; მგზავრებით გადავსებული სატრანსპორტო ავტობუსებში მდგარი, სკოლისკენ მიმავალი პატარები; მეტრო-სადგურებთან რიგში განაწყენებული მოხუცები; ბაზრებთან სიცხისგან დამწვარი დიასახლისები პროდუქტებით სავსე ტომრით ხელში; შებინდებისას მთვარეც მწუხარედ უღიმის ხოლმე ხალხს. ხედავს გამალებით როგორ აკვირდება ვიღაცის სევდიან თვალებს თავისუფლების მოედანთან მჯდომი ქუჩის მუსიკოსი ახალგაზრდა. ეს სევდიანი თვალები პატარა ბიჭისაა, რომელსაც ორი ცალი ვაშლი დაუდია ყუთზე გასაყიდად. იქვე შესამჩნევად გაბრაზებულა და ფეხი მიურტყამს შენობის კუთხისთვის. სიმწარე უგრძვნია, მაგრამ უშიმშილობა, უსახსრობა უფრო სტკენია. სტუდენტი გოგო-ბიჭების უიმედობამაც მოიცვა ქალაქი. წარსულისგან დამძიმებული აწმყო უმომავლობას გრძნობს. აღარც ბრძოლა იციან დღეს და აღარც სურვილი აქვთ რომ იცოდნენ. გაუფასურდა სიტყვები: თავისუფლება, სიყვარული, სიკეთე, ბედნიერება… ურთიერთობები ბინძურ ფერფლად გადაიქცა. დამახინჯდა ბუნება უსიყვარულობით. სამათლიანობა მოკვდა. უფერო გახდა ყველაფერი თბილისში, სადაც ერთ დროს იყვნენ ვაჟა, ილია და გალაკტიონი. ლექსად მიძღვნილ სიტყვებს დღეს დასცინიან. 9-აპრილის დროინდელი რუსთაველის გამზირი ის გამზირი აღარაა, აქციებზე გამოსულ, გულანთებული ახალგაზრდების გამამხნევებელ შეძახილებს რომ ისმენდა. სტუმარ-მასპინძლის არსის გაგებაც კი არასწორად ესმით დღეს თბილისში. განა მარტო ეს ქალაქია ტალახში ჩაფლულ სიბნელეში ? არა! ის საქართველოც ასეა. ის საქართველო დაუმარცხებლობით რომ გამოირჩეოდა. გმირებს წარსულში ქვეყნისთვის თავდადებულ ბიჭებს ვეძახდით. ახლა გმირები-მონები გახდნენ. გაყიდული, დამნაშავე, უსამშობლო მონები, რომლებმაც სიტყვა “თავისუფლება” -ს მნიშვნელობა შეუცვალეს. პატივისცემას ერთმანეთის მოსმენით გამოხატავდნენ. დღეს კი მოსმენა არავის უნდა. მხოლოდ ზიზღი და ბოღმა ტრიალებს ქალაქში, სადაც მოყვარეზე მეტი მტერია. სადაც შენიანი გესვრის პირველ ტყვიას. სადაც უმეგობროდ დარჩნენ მართალი ადამიანები. სადაც წესრიგი არ უყვართ. ნუთუ სამართალია, როცა ვხედავთ ღარიბი ოჯახებიდან წამოსულ ახალგაზრდებს. შრომით გატანჯული ხელებით რომ იწმენდენ ოფლს გაშავებული სახიდან. შემდეგ უყურებენ მდიდრულ მანქანებში მსხდარ, პოლიტიკოსებს. პოლიტიკოსებს, რომელთა გონებაც არა სამშობლოსკენ, არამედ ახალი თანამდებობისკენაა მიმართული. უსამართლობა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ თუ სამართლიანობა გვინდა რაღაცის შეცვლა უნდა ვისწავლოთ. აწმყოს უკეთესობისკენ შესაცვლელად და მომავლის იმედის ასანთებად ერთადერთი რამ უნდა ვიცოდეთ. - ყველაფერი წარმავალია. სიცოცხლეს მაშინ აქვს აზრი, როცა სიყვარულს თესავ. უსიყვარულოდ დარჩენილი ადამიანი კი არაფერია. ამ საუკინის შეცვლა შეგვიძლია. არა ასე , როგორც ვაკეთებთ, არამედ ისე როგორც ეს ერთ დროს გააკეთა ილიამ!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG