ევროკავშირი ნიგერის ფინანსურ მხარდაჭერას აჩერებს, გასულ კვირას იქ მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა. მან თქვა, რომ ბრიუსელი არ აღიარებს ნიგერის თვითგამოცხადებულ ახალ მთავრობას და კვლავ მიიჩნევს, რომ დემოკრატიულად არჩეული მოჰამედ ბაზუმი ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტია.
საფრანგეთმა, რომლის კოლონიაც იყო ნიგერი დამოუკიდებლობამდე, ცალკე გამოაცხადა, რომ ნიგერს დახმარებას უჩერებს. Reuters-ის ცნობით, ქვეყნის განვითარების პროექტებისთვის გამოყოფილი ფრანგული თანხების ოდენობა 2022 წელს 120 მილიონი ევრო იყო და სავარაუდოდ, 2023 წელს მისი გაზრდა იგეგმებოდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკა ნიგერთან ეკონომიკური პარტნიორობის შემცირების ვარიანტებს განიხილავს. ბლინკენმა აღნიშნა, რომ 29 ივლისს მოჰამედ ბაზუმთან ისაუბრა, მაგრამ დეტალებზე არაფერი უთქვამს და არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ დაუკავშირდა დამხობილ პოლიტიკოსს.
ნიგერში განვითარებული მოვლენების შესახებ გამოქვეყნებულ ანალიზში, გაზეთი The New York Times-ი თვლის, რომ ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალება არის ლოგიკური რგოლი მოვლენების მთელი ჯაჭვისა, როდესაც აფრიკაში, გვინეიდან სუდანამდე, სამხედრო ხუნტებმა ლეგიტიმურად არჩეული მთავრობები დაამხეს.
ანალიტიკოსების აზრით, კრემლი არ არის სამხედრო გადატრიალებების პირდაპირი ინიციატორი, მაგრამ აფრიკის ქვეყნებში ხელისუფლებაში მოსული ხუნტები რუსეთთან და არა დასავლეთთან თანამშრომლობის სასარგებლოდ აკეთებენ აქცენტებს. ამ კონტექსტში, გაზეთი NYT აქვეყნებს ფოტოებს, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ აფრიალებენ ნიგერელი ამბოხებულები რუსეთის დროშებს.
27 ივლისს ნიგერში სამხედროების ჯგუფმა ეროვნული ტელევიზიით გამოაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი ხელისუფლებას ჩამოაშორეს და შეაჩერეს კონსტიტუციის მოქმედება. მეამბოხე სამხედროების თანახმად, ძალაუფლება ხელში აიღო „ეროვნულმა საბჭომ“, რომელმაც „სიტუაციის სტაბილიზაციამდე“ ნიგერის საზღვრები დაკეტა და კომენდანტის საათი დააწესა.
მოჰამედ ბაზუმი ნიგერის პრეზიდენტად 2021 წელს აირჩიეს. სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მას მხარდაჭერა გამოუცხადეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.