Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთმა პრაღის საერთაშორისო ტურნირზე არ დაუშვა რუსი ჩოგბურთელი ანასტასია პავლიუჩენკოვა


რუსი ჩოგბურთელი ანასტასია პავლიუჩენკოვა
რუსი ჩოგბურთელი ანასტასია პავლიუჩენკოვა

ჩეხეთმა პრაღაში ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მისცა რუს ჩოგბურთელ ანასტასია პავლიუჩენკოვას. ამის შესახებ თავად პავლიჩენკოვამ გაავრცელა ცნობა ინსტაგრამის საშუალებით.

"როგორც უკვე მიხვდით, მომავალ კვირას პრაღაში გამოსვლას ვერ შევძლებ. ახლა ვაგრძელებ ამერიკული ტურნირების სერიისთვის მომზადებას. გნახავთ ცინცინატში და აშშ-ის ღია პირველობაზე", - წერს სპორტსმენი.

პავლიუჩენკოვამ ასევე გამოაქვეყნა WTA-ს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პრაღამ უარი თქვა ზოგიერთი ჩოგბურთელის ჩეხეთში შესვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ასოციაციამ მათ ნეიტრალური სტატუსით ტურნირებზე მონაწილეობის უფლება მისცა.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ რუსი ჩოგბურთელი პრაღაში გამართულ შეჯიბრზე ვერ მოხვდებოდა. სპორტსმენის გვარი მაშინ არ დასახელებულა. მედიის თანახმად, პრაღის პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები წარადგინეს რუსმა ევგენია როდინამ და ბელარუსმა ალექსანდრა სოსნოვიჩმა.

ერთი თვის წინ ჩეხეთის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო რუსეთის წარმომადგენელ ყველა სპორტსმენს აუკრძალა ჩეხეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა.

გასულ კვირას რუს ჩოგბურთელ ვერა ზვონარევას ვარშავაში WTA-ს ტურნირზე დასწრების უფლება არ მისცეს. რუსი სპორტსმენი პოლონეთში საფრანგეთის მიერ გაცემული ვიზით ცდილობდა შესვლას, მაგრამ პოლონეთის ხელისუფლებამ ზვონარევას ქვეყანაში ყოფნას არასასურველი უწოდა.

XS
SM
MD
LG