Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუნესკოს დელეგაცია ოდესაში რუსეთის დაბომბვის შედეგებს შეაფასებს


იუნესკოს დელეგაცია ოდესაში. 29 ივლისი, 2023 წელი
იუნესკოს დელეგაცია ოდესაში. 29 ივლისი, 2023 წელი

შაბათს ოდესაში ჩავიდა იუნესკოს დელეგაცია, რომელიც შეაფასებს ქალაქის ისტორიულ ცენტრში რუსეთის დაბომბვის შედეგად მიყენებულ ზარალს. ორგანიზაციამ ოდესის ისტორიული ცენტრი თავის სიაში იანვარში დაამატა. როგორც ოდესის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა, იუნესკოს წარმომადგენლები ქალაქში ოთხი დღის განმავლობაში დარჩებიან. "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოს მივაწოდოთ ინფორმაცია ყველა იმ საშინელების შესახებ, რაც რუსეთმა ოდესაში ჩაიდინა", - წერს კიპერი „ტელეგრამში.“

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 19 ივლისიდან 23 ივლისამდე რუსეთის არმიის მიერ ყოველდღიური დაბომბვის შედეგად ოდესაში დაზიანდა 28 არქიტექტურული ძეგლი, მათ შორის ფერისცვალების ტაძარი. ტაძარმა მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო 23 ივლისის ღამეს რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

რუსეთის დაბომბვის შედეგად დაზიანებული ფერისცვალების ტაძარი
რუსეთის დაბომბვის შედეგად დაზიანებული ფერისცვალების ტაძარი

რუსეთის არმია ქალაქ ოდესასა და ოდესის რეგიონს 18 ივლისიდან ბომბავს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარცვლეულის გარიგებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. იერიშების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. უკრაინის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მოსკოვის მიზანი მარცვლეულის ექსპორტის ჩაშლაა.

რუსეთი თავის ქმედებებს 17 ივლისის ღამეს ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების გამო "შურისძიებას " უწოდებს.

მაშინდელი ინციდენტის შედეგად ბელგოროდელი ცოლ-ქმარი დაიღუპა, მათი 14 წლის ქალიშვილი დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ბრალდება, თითქოს სარაკეტო დარტყმის სამიზნე ფერისცვალების ტაძარი იყო.

XS
SM
MD
LG