Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი: დამოუკიდებელ ინსპექტორად კლანის ერთგული ადამიანი დაინიშნა


დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა 29 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე ამავე საბჭოს ყოფილი წევრის შოთა ქადაგიძის არჩევა იმის დასტურია, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლება ერთი კონკრეტული გავლენიანი ჯგუფის ხელშია მოქცეული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა სასამართლო ხელისუფლებაში, რომელიც მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური საქმეების წინასწარ შემოწმებას და მოკვლევას ახორციელებს. დამოუკიდებელი იურისტების აზრით, დამოუკიდებელი ინსპექტორი „არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი“ და ამ თანამდებობას „ყოველთვის იკავებდნენ სასამართლო სისტემის გავლენიან ჯგუფთან დაახლოებული პირები“.

„შოთა ქადაგიძის დამოუკიდებელ ინსპექტორად ასარჩევი კონკურსი ჩატარდა სრულიად გაუმჭვირვალედ, საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა არც კანდიდატთა ვინაობა, არც მათი ხედვები და დახურული იყო შოთა ქადაგიძესთან გასაუბრების პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე შოთა ქადაგიძის დანიშვნის გადაწყვეტილება არადემოკრატიულია და კიდევ უფრო გვაშორებს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების პერსპექტივას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 21 იურისტი აწერს.

XS
SM
MD
LG