Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ომში ჩრდილოეთ კორეის წარმოების ძველ საბრძოლო მასალას იყენებს - FT


ფოტოკორესპონდენტ სერგეი ნუჟნენკოს მიერ გადაღებული ფოტო ზაპოროჟიეში, უკრაინელი არტილერისტების პოზიციებზე. 9 ივლისი, 2023 წელი
ფოტოკორესპონდენტ სერგეი ნუჟნენკოს მიერ გადაღებული ფოტო ზაპოროჟიეში, უკრაინელი არტილერისტების პოზიციებზე. 9 ივლისი, 2023 წელი

რუსეთთან ომში უკრაინა იყენებს ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოებულ საბრძოლო მასალას, რომელიც განკუთვნილია „გრად“ MLRS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებისთვის, ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი წერს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ჭურვების მარკირებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი გასული საუკუნის 80-90-იან წლებში უნდა იყოს გამოშვებული და, სავარაუდოდ, უკრაინელებმა ნადავლის სახით იგდეს ხელთ. ერთ-ერთმა უკრაინელმა მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჭურვები ჩრდილოეთ კორეის გემიდან უკრაინის „მეგობრული ქვეყნის“ მიერ იქნა კონფისცირებული.

ჩრდილოეთ კორეის ჭურვების იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტის, სერგეი ნუჟნენკოს ფოტოებით, რომელიც მან 9 ივლისს ზაპოროჟიეს რეგიონში გადაიღო.

სრული ფოტოგალერეა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://www.radiosvoboda.org/a/kontrnastup-zsu-zaporizhzhia/32494879.html

გამოცემა FT-ის თანახმად, უკრაინელი სამხედროები უკიდურესად უარყოფითად საუბრობენ ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო მასალის ხარისხზე: ბევრი მათგანი არ ფეთქდება, ზოგი კი გაშვებისას „არაპროგნოზირებად“ იქცევა. ერთ-ერთმა სამხედრომ ჟურნალისტებს სთხოვა, რომ გადაღებისას არ მიუახლოვდნენ სარაკეტო გამშვებ დანადგარს, რადგან კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის საბრძოლო მასალა „ძალიან არასანდოა და ზოგჯერ გიჟურ რაღაცებს აკეთებსო“.

  • ჩრდილოეთი კორეა ერთ-ერთია მსოფლიოს იმ სამი ქვეყნიდან, გარდა თავად რუსეთისა და სირიისა, რომლებმაც აღიარეს მოსკოვის მიერ შარშან შემოდგომაზე გამოცხადებული უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია.
  • უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთის რიგი ქვეყნების, მათ შორის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა ფხენიანსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. კერძოდ, ითქვა, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთის სამხედროებს ამარაგებს საარტილერიო საბრძოლო მასალითა და აღჭურვილობით, რომლის მარაგი რუსეთში საგრძნობლად ამოიწურა. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ეს უარყო.
XS
SM
MD
LG