Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის შსს-ს თანახმად, უკრაინაში გერმანიის ათობით მოქალაქე იბრძვის


რუსეთის მხარდამჭერი დემონსტრაცია ფრანკფურტში. 10 აპრილი, 2022 წ.
რუსეთის მხარდამჭერი დემონსტრაცია ფრანკფურტში. 10 აპრილი, 2022 წ.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველად გაავრცელა მონაცემები უკრაინის ფრონტზე მებრძოლი გერმანიის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ. უწყების ცნობით ირკვევა, რომ ესენი ძირითადად არიან ექსტრემისტები, რომლებიც კრემლის პოზიციას ემხრობიან და რუსეთის მხარეს იბრძვიან.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან გერმანულ მედიაში გამოჩნდა ცნობები გერმანიის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად წავიდნენ. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გაზეთ Welt am Sonntag-ის თხოვნის საპასუხოდ, განაცხადა, რომ საუბარია სულ 61 ადამიანზე. სამინისტროს ცნობით, ეს პირები "აშკარად გამოხატავენ ექსტრემისტულ მისწრაფებებს ან კავშირი აქვთ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის დანაშაულებთან".

39 ადამიანი კონკრეტულად ეჭვმიტანილია იმაში, რომ "ქვეყანა საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით დატოვა". აქედან 27 რუსეთის მხარეს იბრძვის, 12 კი უკრაინის მხარეს. მანამდე გერმანული მედია იუწყებოდა გერმანიის მოქალაქეობის მქონე დსთ-ის ქვეყნების ყოფილ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთის არმიის ქვედანაყოფებს შეუერთდნენ.

გერმანიის მოქალაქეებს შორის არიან როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე ექსტრემისტები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს. სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საბრძოლველად წასულთა უმრავლესობა "უცხოური იდეოლოგიების გავლენას" ექვემდებარება. თუმცა, მათივე განცხადებით, შეუძლებელია უფრო კონკრეტული ფაქტების მოძიება იმის დასადგენად, თუ რომელ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მოძრაობებს ეკუთვნიან უკრაინაში საომრად წასულები.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ არ მიაწოდა გამოცემას ინფორმაცია შესაძლო სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად უკრაინაში წავიდნენ.

ზოგადად, უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ ექვემდებარება სისხლისსამართლებრივ დევნას გერმანიაში, თუ გერმანიის მოქალაქეები იბრძვიან არა როგორც დაქირავებულები, არამედ რეგულარულ არმიებში ან მათთან გათანაბრებულ ოფიციალურ სამხედრო დანაყოფებში ირიცხებიან.

XS
SM
MD
LG