Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი თითქმის გააორმაგებს თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობას


პოლონეთი თითქმის გააორმაგებს თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობას 172000-დან თითქმის 300000-მდე. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ შესაბამისი დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია. ამის შესახებ BBC იუწყება.

პოლონეთის არმიაში დაგეგმილია ორი ახალი დივიზიის შექმნა, რითაც მათი საერთო რაოდენობა ექვსამდე გაიზრდება. გაიზრდება თავდაცვის ხარჯებიც - ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-მდე.

ვარშავამ გადაწყვიტა, თავისი ჯარების ნაწილი ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე განელაგებინა მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მეომრები ბელარუსში გადავიდნენ. მოგვიანებით, ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები ითხოვენ, „გაუშვან დასავლეთში“, რათა „ექსკურსიაზე წავიდნენ ვარშავაში, ჟეშუვში“. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაქირავებულმა მებრძოლებმა ბელარუსის არმიასთან ერთობლივი წვრთნებიც გამართეს.

პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში არის აეროდრომი, რომლის გავლითაც უკრაინა დასავლეთის ქვეყნების მიერ მარაგდება სამხედრო აღჭურვილობითა და იარაღით. შემდგომში ისინი სახმელეთო გზით იგზავნება უკრაინაში.

ნატოს ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცების ბელარუსში გადაყვანის გამო. პოლონეთმა ამ თვის დამდეგს განაცხადა, რომ ბელარუსთან საზღვარს აძლიერებს პოტენციური საფრთხეების დასაძლევად.

XS
SM
MD
LG