Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დასკვნა თქვენ გააკეთეთ“ - რატომ იმსხვერპლა ჩხოროწყუში ხიდის ჩანგრევამ სატვირთოს მძღოლი?


ჩხოროწყუ, ჩანგრეულ ხიდზე ფეხით გადადიან
ჩხოროწყუ, ჩანგრეულ ხიდზე ფეხით გადადიან

ჩხოროწყუში გამოძიება გრძელდება იმ მიზეზების დასადგენად, რომლის გამოც საავტომობილო ხიდი ჩაინგრა და ამ მომენტში ხიდზე მყოფი სატვირთო მანქანის მძღოლი იმსხვერპლა. ავარია 27 ივლისს მოხდა.

გუშინ, დაახლოებით საღამოს ხუთ საათზე, დაბა ჩხოროწყუში 75-მეტრიანი რკინის ხიდის ნაწილი მაშინ ჩაინგრა, როცა მასზე სამშენებლო მასალით - ქვა-ღორღით დატვირთული სატვირთო მანქანა გადადიოდა. სატვირთო მდინარეში გადავარდა. ადგილზე დაიღუპა მძღოლი, 42 წლის ბადრი კალანდია. გარდაცვლილი კომპანია „ნიუ პასაჟში“ მუშაობდა, რომელიც ჩხოროწყუს სოფელ გარახაში გზას აგებს.

ხიდის ჩანგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია განიხილება, რაც ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას გაუზიარეს:

  • "60-იან წლებში აშენებული ხიდი სიძველის გამო დიდი ხანია ავარიულია";
  • "ხიდი გათვლილი იყო 10 ტონა ტვირთზე და ვერ გაუძლო დატვირთვას" - წონის შემზღუდავი ნიშანი იყო დაყენებული ხიდის თავსა და ბოლოში.

დაღუპულის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან არ საუბრობენ. მოკლე კომენტარით შემოიფარგლა კომპანია „ნიუ პასაჟის“ დირექტორი შოთა კვარაცხელიაც. მან თქვა, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან, რომელიც ადგენს, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა.

ჩხოროწყუ, ჩანგრეული ხიდი
ჩხოროწყუ, ჩანგრეული ხიდი

ხიდი რომ ძველი და პრობლემური იყო, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი - დათო გოგუა. მისი სიტყვებით, ჩხოროწყუ-ნაკიანის ხიდი არაერთხელ შეკეთდა და გათვლილი იყო მხოლოდ 10 ტონა ტვირთზე. ამ შეზღუდვას კი მძღოლები ხშირად არღვევდნენ.

„თვითონ სატვირთო მანქანა იყო 12-ნახევარი ტონა. პასპორტში ასე უწერია. მით უმეტეს, ეს მანქანა იყო დატვირთული - მანქანის წონას დამატებული კიდევ მეორე იმდენი მაინც მიჰქონდა. დანარჩენი დასკვნა თქვენ გააკეთეთ“, - თქვა დათო გოგუამ.

მერი ირწმუნება, რომ დაბა ჩხოროწყუში ახალი ხიდის მშენებლობის საჭიროებაზე იცოდა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, თუმცა ფინანსების არქონის გამო ეს პრობლემა ვერ მოგვარდა.

ჩხოროწყუ-ნაკიანის რკინის ხიდი, რომელსაც ბეტონის საყრდენი აქვს, მუნიციპალიტეტის ცენტრს რამდენიმე სოფელთან აკავშირებს. მას ყოველდღიურად ათობით ავტომობილი კვეთდა. მათ შორის კომპანია „ნიუ პასაჟის“ სატვირთოებიც.

ხიდის გარდა, გზის მეორე მხარეს მოხვედრა მდინარე ოჩხომურის გადაკვეთით არის შესაძლებელი, რაც მძიმე ტვირთის გადაზიდვისას სატვირთოებისთვის დამატებით პრობლემებს ქმნის. არსებობს შემოვლითი გზაც, თუმცა მშენებლებისთვის ხიდით გაცილებით მოკლეა მანძილი დანიშნულების ადგილამდე.

ახლა იმ ხიდზე, რომლის ჩანგრევასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია. მანქანები ახლა მდინარეს შემოვლითი გზით კვეთენ, სოფელ ქვედა ჩხოროწყუს გავლით - იმ ხიდზე მხოლოდ 3 ტონამდე სიმძიმის ტრანსპორტით გადასვლაა ნებადართული.

ჩხოროწყუს მერიაში აცხადებენ, რომ ქვედა ჩხოროწყუს ხიდზე ავტომობილების მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება.

XS
SM
MD
LG