Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა კანონი ჯარში გაწვევის ასაკის 30 წლამდე გაზრდის შესახებ


ჯარში გაწვევის ცერემონია. მოსკოვის ოლქი, 17 მაისი, 2023.
ჯარში გაწვევის ცერემონია. მოსკოვის ოლქი, 17 მაისი, 2023.

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1 იანვრიდან ჯარში გაწვევას დაექვემდებარებიან 18-დან 30 წლამდე ასაკის მოქალაქეები. კანონის მიღებას მხარი დაუჭირა 159-მა სენატორმა, ერთმა თავი შეიკავა, იუწყება „ინტერფაქსი“. 25 ივლისს კანონი სახელმწიფო დუმამ მიიღო.

თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ გაზრდიდნენ გაწვევის ასაკის ქვედა ზღვარსაც: 18-დან 21 წლამდე. თუმცა, მოგვიანებით სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა თქვა, რომ კომიტეტმა გადაწყვიტა, ეს არ გაეკეთებინა. მან ცვლილებები იმით ახსნა, რომ დემოგრაფიული ვითარების გამო რუსეთის სულ უფრო ნაკლებ მოქალაქეს იწვევენ ჯარში.

მანამდე ფედერაციის საბჭოს ორი კომიტეტის ხელმძღვანელები - ვიქტორ ბონდარევი და ანდრეი კლიშასი - ეწინააღმდეგებოდნენ გაწვევის ასაკის ქვედა ზღვრის შენარჩუნებას ზედას გაზრდის შემთხვევაში. ამასთან, ისინი გამოვიდნენ წინადადებით, საკუთარი სურვილით ნებადართული იყოს სამხედრო სამსახურის დაწყება 18 წლიდან. თუმცა, მოგვიანებით ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ პარლამენტის ზედა პალატა მხარს დაუჭერს სახელმწიფო დუმის ინიციატივას.

28 ივლისს გამართულ შეხვედრაზე სენატორებმა სამხედრო რეფორმასთან დაკავშირებული სხვა კანონპროექტებიც მოიწონეს. კერძოდ, ეს არის კანონი, რომელიც კრძალავს მობილიზებულთა და წვევამდელთა საზღვარგარეთ გამგზავრებას გაწვევის უწყების გადაცემის მომენტიდან და კანონი სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო კომისარიატში გამოუცხადებლობისთვის ჯარიმის გაზრდის შესახებ. იგი 10-ჯერ გაიზარდა - ახლა ის 500-დან 3000 რუბლამდეა.

XS
SM
MD
LG